ქართველ პოლიტიკოსებს მსოფლმხედველობაში არსებული ხარვეზი ხელს უშლის, ობიექტურად აღიქვან სინამდვილე, - ასეთი განცხადებით ეხმაურება ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ზეწოლის საშუალებით, საქართველო დაიწყებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეოკუპაციის პროცესს, ხოლო ამ რეგიონების ე.წ. პარლამენტების მიერ მიღებულ ნორმატიულ აქტებს საქართველოსთვის არ გააჩნია არავითარი საერთაშორისო-სამართლებრივი ფასეულობა.
"არსებობს რეალური და გამოგონილი სამყარო, რომელშიც ქართველი მაღალჩინოსნები ცხოვრობენ. რეალობა ასეთია: სამხრეთ ოსეთი აღიარებული სახელმწიფოა, რომელიც შეიქმნა მის ტერიტორიაზე მცხოვრებლების ნების გამოხატულებით, რომელსაც გააჩნია საზღვრები და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები. უნდათ ეს საქართველოში, თუ არა, მოუწევთ ამას ანგარიში გაუწიონ", - ნათქვამია დეფაქტო უწყების განცხადებაში, რომელსაც სააგენტო "რესი" ავრცელებს.