რუსეთის მიერ მომზადებული ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების დებულებები ხაჯიმბას პოზიციებს არ ემთხვევა

რუსეთის მიერ მომზადებული ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების დებულებები ხაჯიმბას პოზიციებს არ ემთხვევა

"ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმების მთელ რიგ დებულებებში აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერის რაულ ხაჯიმბასა და რუსეთის პოზიციებში აზრთა სხვადასხვაობაა. ამიტომ შესაბამის დეფაქტო უწყებებსა და "პრეზიდენტის" ადმინისტრაციას დაევალა შეიმუშავონ აფხაზური მხარის ვარიანტი. "აპსნიპრესის" ინფორმაციით, ამის შესახებ ხაჯიმბასა და დეფაქტო პარლამენტის წევრებს შორის დღევანდელი შეხვედრისას გახდა ცნობილი.

ხაჯიმბას განცხადებით, შეთანხმების დებულებები რესპუბლიკის კონსტიტუციას უნდა შეესაბამებოდეს და 2008 წელს დადებულ მეგობრობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას უნდა ეფუძნებოდეს.

გაერთიანებული შეიარაღებული დაჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ აფხაზური მხარე არ აპირებს მთლიანად აფხაზური ჯარის ჩართვას. მისი თქმით, საუბარია მხოლოდ ცალკეულ დაჯგუფებებზე. ასევე, აფხაზური მხარე აპირებს შეთანხმების პროექტში შეიტანოს წინადადება რუსეთის მიერ აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისა და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობით დახმარების შესახებ.

მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა პარლამენტარებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის საზღვრის გაუქმებას არავინ აპირებს. მისი თქმით, საქმე ეხება საზღვრის გადაკვეთის რეჟიმის ეტაპობრივ გამარტივებას მდინარე ფსოუზე. ხაჯიმბას განმარტებით, ეს პროცესი უნდა წარიმართოს პარალელურად საქართველო-აფხაზეთის საზღვრის დაცვის გაძლიერების ფონზე. მისი თქმით, აფხაზური მხარე აპირებს დააყენოს საკითხი საქართველოსთან საზღვრის თანამედროვე საინჟინრო-ტექნიკური აღჭურვის შესახებ.

ხაჯიმბას განცხადებით, შეთანხმების მომზადება შემჭიდროებულ ვადებში უნდა მოხდეს გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. "მზად უნდა ვიყოთ ვითარების სხვადასხვაგვარად განვითარებისთვის", - განაცხადა დეფაქტო პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოკავშირე ინტეგრაციული მოდელის შექმნა სხვადასხვა სახელმწიფოების მონაწილეობით. ხაჯიმბას აზრით, ამაზეა დამოკიდებული რუსეთის როლი, როგორც წამყვანი "დერჟავისა".