"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ჟურნალისტებს აბაშიძე-კარასინის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. კერძოდ, კარასინის თქმით, ყველაზე მწვავე საკითხი დღევანდელ მოლაპრაკებებზე სწორედ აღნიშნული ხელშეკრულების პროექტი იყო.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, მოსკოვი არ აპირებს გადახედოს ამ პროექტს და უარი თქვას ხელშეკრულების გაფორმებაზე, ვინაიდან ის აფხაზეთთან კიდევ უფრო მეტი თანამშრომლობის გზებს ეძებს. ამასთან, კარასინის თქმით, რუსეთის ხელისუფლების წრამომადგენლები განცვიფრებულები დარჩნენ იმ პოზიციით, რომელიც ჰქონდათ აფხაზეთში, ვინაიდან "ეს ხელშეკრულება არანაირად უქმნის პრობლემებს აფხაზეთის სუვერენიტეტს".
რაც შეეხება ქართველი პოლიტიკოსების რეაქციას, კარასინი აცხადებს, რომ ამ რეაქციამ 2007-2008 წლები და ის რიტორიკა გაახსენა, რომელიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა და იმედი გაქმოთქვა, მსგავსი რიტორიკა შეიცვლება.
საქართველოს სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ეს იყო ყველაზე მწვავე და მძიმე საუბარი, რაც კი პრაღაში შემდგარა მასსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის და მხარეების კარდინალურად განსხვავებული პოზიციების გამო, შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა.
აღსანიშნავია, რომ მხარეები შემდეგი შეხვედრის თარიღზეც არ შეთანხმებულან.