პროკურატურა ახალაიას საქმეზე განცხადებას საბერძნეთიდან ოფიციალური წერილის მიღების შემდეგ გაავრცელებს

პროკურატურა ახალაიას საქმეზე განცხადებას საბერძნეთიდან ოფიციალური წერილის მიღების შემდეგ გაავრცელებს

საქართველოს მთავარ პროკურატურას კუდ-ის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას ექსტრადიციის საქმესთან დაკავშირებული გადაწყვეტილების შესახებ საბერძნეთის მხარისგან ოფიციალური წერილი ჯერ არ მიუღია.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უწყების პრესსამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, შესაბამისად მთავარი პროკურატურისთვის უცნობია, რა საფუძვლები დაედო ახალაიას ექსტრადიციაზე უარის შესახებ საბერძნეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

"საბერძნეთის კომპეტენტური ორგანოებიდან დათა ახალაიას ექსტრადირებასთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური წერილი ჯერ არ მიგვიღია. შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია, თუ რა საფუძვლები დაედო აღნიშნულ გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე, უწყება ოფიციალურ განცხადებას წერილის მიღების შემდეგ გაავრცელებს", - აღნიშნა სუხიაშვილმა.

საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაიას საქართველოში ექსტრადიციაზე უარი თქვა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბაჩო ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, საბერძნეთში მყოფი ახლობლებისგან შეიტყო, რომ რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ, საბერძნეთის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ქართული მხარის მოთხოვნა, დათა ახალაიას ექსტრადიციაზე.

კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია საბერძნეთში რამდენიმე თვის წინ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, იგი საბერძნეთიდან იტალიაში ყალბი საბუთებით გადასვლას ცდილობდა. ახალაიას გირაოს სახით 100 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა და თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

საქართველოში დათა ახალიას წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ შორის ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის და გირგვლიანის მკვლელობის საქმე.