სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ  საქმიანობის ანგარიში წარადგინა

სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ საქმიანობის ანგარიში წარადგინა

სოფლის მეურნეობის  სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, საგამოფენო ცენტრში „ექსპო-ჯორჯია“ დაარსებიდან ერთი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა და საქმიანობის წლიური ანგარიში წარმოადგინა.

ღონისძიება   სოფლის მეურნეობის მინისტრმა,  ოთარ დანელიამ გახსნა. მინისტრმა ხაზი გაუსვა აგრარული სექტორის განვითარებაში კოოპერაციის მნიშვნელობას. პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ბორის იაროშევიჩმა, რომელმაც  საქართველოში აგრო კოოპერაციის განვითარების მიმართულებით ევროკავშირის დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ 16 ოქტომბერს სურსათის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამსათან დაკავშირებით, ღონისძიებაზე საქართველოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლის მოადგილემ, მამუკა მესხმა FAO-ს გენერალური მდივნის, ჟოზე გრაციანო დე სილვას ოფიციალური მილოცვის ტექსტი წაიკითხა.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ  სააგენტოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს დაარსებიდან ერთი წლის თავზე უკვე შესაძლებელია კონკრეტულ შედეგებზე და მიღწევებზე საუბარი. დღევანდელი მონაცემებით,  264  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე არსებობს 264 ბიზნესზე ორიენტირებული სუბიექტი, სადაც 2014 მეპაიეა გაერთიანებული და რომელთა  კაპიტალის მოცულობა, საერთო ჯამში, 5 მილიონ ლარს აჭარბებს.

დღევანდელი მონაცემებით, რეგისტრირებულია  სასოფლოს-სამეურნეო კოოპერატივები:  კახეთში - 22, ქვემო ქართლში - 41, მცხეთა-მთიანეთში - 11, შიდა ქართლში - 32, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 22,  გურიაში - 27;  აჭარაში - 30, სამცხე-ჯავახეთში - 28, იმერეთში - 28, რაჭა-ლეჩხუმში - 11, თბილისში - 1.

კოოპერატივების საქამიანობის სფეროებია: მემარცვლეობა, მეფუტკრეობა, მებოსტნეობა, მეხილეობა,  მევენახეობა,  მეცხოველეობა, მეკალმახეობა.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის სტიმულირების მიზნით, სახელმწიფო ახორციელებს მხარდამჭერ ღონისძიებებს. კოოპერატივები სარგებლობენ საგადასახადო შეღავათებით; ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარეობს საგრანტო პროგრამები, რომლებიც კოოპერატივების ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას გულისხმობს; ხორციელდება „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებით და ხელის სათესებით უზრუნველყოფის პროგრამა“, რომელიც იტალიური წარმოების მცირეგაბარიტიანი ტექნიკის შეღავათიანი პირობებით (თვითღირებულების 23 პროცენტად)  გადაცემას ითვალისწინებს. 

სოფლის მეურნეობის  სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს დაარსებიდან ერთი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით გაიმართა. სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთან დაარსების დღიდან თანამშრომლობს „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის” (ENPARD) ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მიერ ფინანსდება. 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ანგარიშის წარდგენას   ესწრებოდნენ  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური პირები, საკანონმდებლო ხელისუფლების, დონორი  და  არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში, საგამოფენო ცენტრის ,,ექსპო ჯორჯია“  მე-3 პავილიონში, ახლადშექმნილმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა  საკუთარ პროდუქცია გამოფინეს.