საქართველოს მთავრობას არ სჭირდება მორჩილი სასამართლო, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, თეა წულუკიანმა 10-წუთიან მოხსენებაში მიმოიხილა ის რეფორმები, რომელთაც საქართველოში იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს და აღნიშნა, რომ ისინი საქართველოს ევროკავშირის სამართლებრივ სისტემასთან აახლოებს.
მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ქართველი ხალხისთვის უმნიშვნელოვანესი იყო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა და რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულების შესრულებას პრემიერ-მინისტრი პირადად ხელმძღვანელობს.
"საქართველოს ხელისუფლების ყურადღება ახლა სრულად არის ფოკუსირებული იმ რეფორმებზე, რომელთა გატარებაზეც ჩვენ პასუხისმგებლობა ვიკისრეთ, როცა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი. ეს რეფორმები დააჩქარებს ქართველი ხალხის ოცნების ახდენას და საქართველო გახდება ევროპული ოჯახის ნამდვილი წევრი", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
თეა წულუკიანმა ისაუბრა მართლმსაჯულების სისტემისა და ადამიანის უფლებათა სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ.
"გასულ წელს ამ ტრიბუნიდან მე თქვენ დაგპირდით, რომ მოხდებოდა საპროცესო შეთანხმების მანკიერი პრაქტიკის შეცვლა საქართველოში და ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ. დღეს საპროცესო შეთანხმება მართლმსაჯულების ხელში საჭირო და სწორი იარაღია. გავზარდეთ დაზარალებულების უფლებები და გავუთანაბრეთ იმ მინიმალურ სტანდარტს, რომელსაც ევროპული სამართალი ითვალისწინებს", − განაცხადა მინისტრმა.
მან, ასევე, ისაუბრა პროკურატურის რეფორმის შესახებ, თავისუფალი და დემოკრატიული საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თაობაზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ წარმატებასაც, რომელსაც, მისი თქმით, კორუფციასთან ბრძოლაში მიაღწია საქართველომ და აღნიშნა, რომ ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა, რაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების სახეა, გახდა მიზეზი იმისა, რომ აგვისტოში საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.
მოხსენების შემდეგ მინისტრმა კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა. შეკითხვები ეხებოდა როგორც საკუთრივ რეფორმებს, ისე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. წულუკიანის თქმით, დღეს საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელია აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლისაგან.
"ჩვენ არ გვჭირდება მორჩილი სასამართლო. ჩვენ სწორი რეფორმით ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ სასამართლოში მხარეთა შეჯიბრების პრინციპს და ამ მცდელობას ვენეციის კომისიამ მაღალი შეფასება მისცა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
თეა წულუკიანის სიტყვით გამოსვლის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.