ჩხრეკა აგარაკზე, სადაც 19 წლის ახალგაზრდა ჰყავდათ დატყვევებული, სახლის მფლობელის სიძის, მამუკა ჭუმბურიძის ნებართვის საფუძველზე ჩატარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ნაწილში დაკითხვის შემდეგ თავად მამუკა ჭუმბურიძემ განუცხადა.
მამუკა ჭუმბურიძის თქმით, მან სახლის გასაღები მეგობარს, ამჟამად დაკავებულ დურმიშხან ღვარჩლიანს ათხოვა, თუმცა არ იცოდა დაგეგმილი დანაშაულის შესახებ. ჭუმბრიძის თქმით, ღვარჩლიანთან აფხაზეთის ომის შემდეგ მეგობრობს, სადაც მასთან ერთად იბრძოდა. ჭუმბურიძე აცხადებს, რომ აგარაკით ღვარჩლიანს მანამდეც უსარგებლია მეგობრებთან ერთად არაერთხელ ასულა.
"მასთან კარგი ურთიერთობა მქონდა, ვენდე და ვათხოვე გასაღები, ამ აგარაკით ვსარგებლობ მე და ჩემი ოჯახი. სახლი ჩემი სიმამრის, ჰამლეტ კობეშავიძის სახელზეა, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სახლს მე განვკარგავ. მან 20 დღის წინ მეორე ოპერაცია გაიკეთა. ჩემის ცოლისდაც გარდაიცვალა და ამიტომ სახლს ყურადღებას მე ვაქცევდი. აბსურდია, რომ ინფორმაცია მქონდა იმ დანაშულეის შესახებ რომელიც მოხდა, სადაც ჩემს შვილებს სძინავს, იქ კაცს როგორ დავაბმევინებდი", - განაცხადა მამუკა ჭუმბურიძემ.
მისი განმარტებით, ცოლისდის გარდაცვალების შემდეგ აგარაკზე მუდმივად არავინ ცხოვრობდა, სახლს ყურადღებას მეზობლები აქცევდნენ.
ჭუმბურიძემ ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ღვარჩლიანის შესახებ მხოლოდ ის იცოდა, რომ ის თანამშრომელი იყო, თუმცა კონკრეტული უწყება, სადაც ის მუშაობდა მისთვის უცნობია.
ამასთან, როგორც ჭუმბურიძემ განაცხადა, დღეს გამოძიების ფარგლებში მეორედ დაიკითხა და მომავალშიც მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან. რაც შეეხება აგარაკზე ჩატარებულ ჩხრეკას, მისი თქმით, ამის შესახებ ჰამლეტ და ზურაბ კობეშავიძეებმა არ იცოდნენ, თუმცა ჩხრეკა მისი თანდასწრებით ჩატარდა.
"ჩხრეკის ნებართვა მე მივეცი სამართალდამცველებს და დავესწარი მას. ჩემს სიმამარს იმიტომ არ ვუთხარი, რომ 20 დღის ნაოპერაციებია, შვილი ჰყავს გარდაცვლილი და არ მინდოდა, რომ ენერვიულა", - განაცხადა ჭუმბურიძემ.
საქმის მასალების მიხედვით, გოთუას ქუჩიდან გამოსასყიდის მოთხოვნის გამოძალვის სანაცვლოდ გატაცებული 19 წლის იოსებ გიორხელიძე, 4 დღის განმავლობაში მცხეთის რაიონის სოფელ არმაზში აგარაკზე ჰყავდათ დატყვევებული.