დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს გათავისუფლებულ თანამშრომლებზე გაცემული ხელფასების საქმით და იმ სქემით დაინტერესება სთხოვა, რომლის მიხედვითაც, ხელფასები გაიცა.
როგორც ნადირაშვილმა უმცირესობის სხდომაზე განაცხადა, ხელფასები სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებზე გამოწერეს. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, თუმცა ძიება მხოლოდ მოლარის დონეზე მიდის და საუბარია საპროცესო შეთანხმებაზე.
"ვიცი, რომ ეს არა თქვენი, არამედ პროკურატურის საქმეა, მაგრამ ინფორმაციას იმისთვის გაწვდით, რომ თქვენ მთავრობაში ცუდი ტენდენციები გადამდებია ხოლმე და ვშიშობ, როგორც პრემიები გამოიწერა ყველა სამინისტრომ, ახლა გათავისუფლებულ თანამშრომლებზე არ დაიწყოთ ხელფასების გამოწერა - ქუჩაში იმდენ ადამიანს ყრით, რომ ეს ძალიან დიდი თანხა იქნება", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა უმცირესობის სხდომაზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით მინისტრმა მხოლოდ ის თქვა, საქმეზე ინფორმაციას არ ფლობს და დასძინა, რომ გათავისუფლებული ადამიანი ხელფასს ვერანაირად ვერ აიღებს.