დაველოდოთ კარასინი-აბაშიძის შეხვედრას და შემდეგ ვნახავთ, სწორი იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება

დაველოდოთ კარასინი-აბაშიძის შეხვედრას და შემდეგ ვნახავთ, სწორი იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, უნდა დაველოდოთ კარასინი-აბაშიძის შეხვედრის დასრულებას და შემდეგ ვნახავთ, სწორი იყო თუ არა გადაწყვეტილება ამ ფორმატის ჩატარების თაობაზე.

როგორც მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, კარასინი-აბაშიძის შეხვედრას წინ უძღოდა რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების პროექტის გამოქვეყნება, რომელიც რუსეთის ფედერაციამ, როგორც ჩანს, შესთავაზა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ხელმოსაწერად.

მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილი იქნება არაღიარებული ხელისუფლების მიერ, არ იქნება აღიარებული მსოფლიო თანამეგობრობის მიერ და მას არ ექნება იურიდიული ძალა.

როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, ქართული მხარე მუშაობს ბევრი მიმართულებით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია იყოს ადეკვატური ამ ახალ გამოწვევაზე, რომელიც არის გამოწვევა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონული უსაფრთხოებისთვის.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ორშაბათს, ლუქსემბურგში 28 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა გაიმართება, რომელსაც დაესწრება და სადაც სწორედ ეს საკითხი იქნება განხილული.

ფანჯიკიძის განცხადებით, ეს საკითხი იქნება განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ბერლინში ვიზიტისას, რომელიც სამშაბათს და ოთხშაბათს შედგება.

"რაც შეეხება უშუალოდ კარასინი-აბაშიძის შეხვედრას, შეხვედრის წინ იყო დისკუსია იმის თაობაზე, უნდა შედგეს თუ არა მორიგი რაუნდი, აქ აზრები გაიყო. მე ვემხრობი მათ აზრს, ვისაც მიაჩნია, რომ ეს შეხვედრა უნდა შედგეს. კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზეც ვიმსჯელეთ ამ საკითხზე და გადაწყდა, რომ აბაშიძე ამ შეხვედრაზე უნდა გაემგზავროს, რადგანაც ჟენევის მოლაპარაკებები ახალი ჩატარებულია. შემდეგი რაუნდი იქნება დეკემბერში. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ გვჭირდება უშუალო კონტაქტი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან, იმისათვის, რომ პირველი წყაროდან შევიტყოთ მათი განზრახვის შესახებ", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, ჯერჯერობით ამ დოკუმენტის შესახებ საუბრობენ მხოლოდ დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობაში და რუსეთის ოფიციალური პირებისგან არ გაკეთებულა განცხადება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიღება პირველწყაროდან.

"ვნახოთ, როგორ დამთავრდება ეს შეხვედრა, მე ვფიქრობ, ყველა ვარიანტში ეს იქნება უფრო მეტი ინფორმაციის მომცემი. ყოველთვის არის იმის საშუალება, რომ რაღაც ფორმატი გააუქმო ან პროტესტი გამოუცხადო. დაველოდოთ ამ შეხვედრის დასრულებას და ვნახავთ, სწორი იყო თუ არა გადაწყვეტილება ამ ფორმატის ჩატარების თაობაზე", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

პრაღაში აბაშიძე-კარასინის შეხვედრა მიმდინარეობს.