პაატა დავითაია საქართველოს მთავრობას და პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს

პაატა დავითაია საქართველოს მთავრობას და პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს

„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერის განცხადებით, მთავრობამ აფხაზეთთან დაკავშირებით საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი პოზიციები მკეთრად უნდა დააფიქსიროს, პარტიებმა კი ერთიანი სტრატეგია შეიმუშაონ.

დავითაიას აზრით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთს აფხაზეთის ანექსიის უფლებას უბრძოლველად აძლევს.

„მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გადახედონ ხელშეკრულებას, რომელიც რუსეთთან ინტეგრაციას ითვალისწინებს. ხელშეკრულებაში ცალსახად გაწერილია არამხოლოდ ჯარების გაერთიანება, არამედ საუბარია სოციალურ პაკეტზე, ხელფასების გაცემასა და პენსიებით უზრუნველყოფაზე. ამას მოჰყვება ჯანდაცვის სისტემა და ერთიანი საგადასახადო სისტემის შექმნა. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთიანი ჩამოყალიბების შემდგომ რუსეთი აფხაზებს მხოლოდ კულტურულ და ჰუმანიტარული სივრცის შენარჩუნების უფლებას უტოვებს. რეალურად ჩვენ საქმე გვაქვს ტერიტორიის სრულ ანექსიასთან. მინდა მოვუწოდო საქართველოს მთავრობას, ყველაფერი გააკეთოს, საკუთარი პოზიციები დააფიქსირონ ყველა ფორმატში, ყველა სამიტზე. თქვან, რაც ხდება აფხაზეთში და რომ ოკუპაცია ხდება ქვეყნის, ნუ ერიდებიან ამ სიტყვის გამოყენებას. ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ უბრძოლველად რეალურად აძლევს ანექსიის უფლებას სეპარატისტებს და მათ დამქაშებს, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ არ დავაფიქსირეთ ჩვენი მკვეთრი პოზიციები სერიოზული პრობლემები შეგვექმნება. დათმობითი პოლიტიკა რუს ოკუპანტებს აძლიერებს“, - განაცხადა დავითაიამ.

ამასთან, „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ახლა დაპირისპირებების დრო  არის და პოლიტიკურმა პარტიებმა ერთიანი სტრატეგია უნდა შეიმუშაონ.

„ასევე, მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, „ნაციონალურ მოძრაობას“ და ყველა პოლიტიკურ პარტიებს, ახლა დაპირისპირების დრო არ არის. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ყველასია. ყველა ერთად უნდა დავჯდეთ და ერთიანი სტრატეგია უნდა შევიმუშაოთ“, - განაცახდა დავითაიამ.