ვაშინგტონში, CATO-ს ინსტიტუტის მიმდინარე კონფერენციაზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და აშშ-ში საქართველოს ელჩს არჩილ გეგეშიძის შორის დისკუსია გაიმართა.
კონფერენციაზე, რომლის თემა იყო "კომუნიზმის ტრასფორმაცია ბერლინის კედლის დანგრევიდან 25 წლის შემდეგ: გაკვეთილები არათავისუფალი საზოგადოებებისათვის" მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა, შემდეგ კი დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხა. სიტყვა ითხოვა არჩილ გეგეშიძემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ შეკითხვა არა, თუმცა შემდეგი რეპლიკა აქვს:
"ჩვენ მრავალი წელია, ერთმანეთს კარგად ვიცნობთ და დიდ პატივს გცემთ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ველოდი თქვენგან უფრო სრული სურათის აღწერას, რა მოხდა ან რა ხდება დღეს საქართველოში და მის ირგვლივ. სამწუხაროდ, თქვენს გამოსვლაში დავინახე წარსულისა და აწმყოს დამახინჯებული სურათი. რა თქმა უნდა, 2003 წლის შემდეგ მნიშვნელოვანმა ტრანსფორმაციამ საქართველოს ცვლილებები მოუტანა: სინათლე აინთო სახლებში, ქუჩები უსაფრთხო გახდა, სახელმწიფო სამსახურები გაიწმინდა კორუფციისან, მაგრამ აღმოსავლური ბრძნული გამონათქვამის მიხედვით, ყველაფერი რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის. სამწუხაროდ, ეს ცვლილება მოხდა სადამსჯელო ძალის მხრიდან დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტების ხარჯზე. რაღაც ეტაპზე ამან ბიძგი მისცა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. სწორედ ეს დასრულდა 2012 წლის არჩევნებით. ველოდი თქვენგან იმის ახსნას, თუ რატომ უნდა მიეცა ხალხს ხმა თქვენს წინააღმდეგ. თქვენ თქვით, რომ ეს მოხდა ფეოდალური მენტალიტეტის გამო, რაც ქართველებისთვის ნაცნობია და რომ წარსულზე ორიენტირებული ადამიანები ვერ იგებენ, რა არის პროგრესი, მაგრამ რეალურად ჩვენ ვნახეთ ისეთი მმართველობა, რომელიც ქართველი ხალხისთვის მიუღებელი იყო", - განაცხადა არჩილ გეგეშიძემ.
ელჩის რეპლიკას მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა.
"გიპასუხებთ სინგაპურის ყოფილი ლიდერის სიტყვებით, ის თავის წიგნში ამბობს, რომ ნებისმიერ წარმატებულ მთავრობას ხალხი მაქსიმუმ 10 წელიწადში გადაირჩევს თავისუფალი არჩევნების გზით, რადგან ხალხს ცვლილება უნდა. მან ასევე თქვა, რომ სწორედ ამის გამო არ ჩაატარა თავისუფალი არჩევნები, მაგრამ ჩვენ ჩავატარეთ და ხალხს მივეცით არჩევანის გაკეთების საშუალება. მათ აირჩიეს ის, რაც უკეთესი უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, არჩევნები საფასურს მოითხოვს. როდესაც ვსაუბრობ ფეოდალურ მენტალიტეტზე, ვგულისხმობ კორუმპირებულ ელიტას, რომელიც ჩემი ქვეყნის სათავეში დაბრუნდა. Facebook-ით მივმართე ჩემს ხალხს და გავაცანი ჩემი სამომავლო პროგრამა, ამას არ გავაკეთებდი, დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი ქართველების კრეატიულობაში და არც აქ ვიქნებოდით. ის რეფორმები, რომლებიც გავატარეთ, ის შენობები, რომელიც ავაშენეთ – ეს მათ გააკეთეს და ამით ვამაყობ. ბატონო ელჩო, თქვენი მდგომარეობის ნამდვილად არ მშურს. აქ არიან ყოფილი ელჩები, რომელთაც თავისუფლად შეუძლიათ აზრის გამოხატვა და ამას გისურვებთ თქვენც. თქვენ თქვით, რომ რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის, მაგრამ არსებობს მეორე გამოთქმაც: შეიძლება ოქრო არ იყო რაც ბრწყინავდა, მაგრამ ხომ ბრწყინავდა? ხალხი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის", - განაცხადა მიხეილ საკააშვილმა.
მიხეილ სააკაშვილისა და არჩილ გეგეშიძის მიერ CATO-ს ინსტიტუტში გაკეთებულ განცხადებებს "რუსთავი 2" ავრცელებს. კონფერენციის შემდეგ არჩილ გეგეშიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ყველაფერი შავ-თეთრ ფერებში წარმოადგინა, მაშინ როდესაც ყველა ნიშნით საქართველო დღეს უფრო თავისუფალია, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს.
ექსპრეზიდენტმა კი თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ გამოაგზავნა ელჩი და საელჩოს თანამშრომლები ღონისძიებაზე მიხეილ სააკაშვილთან საპოლემიკოდ, მაშინ როდესაც საქართველოს ყველა ელჩი და განსაკუთრებით ელჩი ვაშინგტონში, დღეს უნდა ატალახებდეს სახელმწიფო დეპარტამეტის და აშშ-ს ხელისუფლების კარს, ლაპარაკობდეს საქართველოს სუვერენიტეტის საფრთხეებზე და აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებზე იმის ნაცვლად, რომ შიდაპოლიტიკურ დავებს არჩევდეს.