შეურაცხმყოფელია იმის მოსმენა, რომ ბიძინა ივანიშვილი სხვა ქვეყანას ემსახურება და სამშობლოს ღალატობს

შეურაცხმყოფელია იმის მოსმენა, რომ ბიძინა ივანიშვილი სხვა ქვეყანას ემსახურება და სამშობლოს ღალატობს

ჩემთვის, როგორც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტნიორისთვის, პარლამენტის თავმჯდომარისა და "ქართული ოცნების" თანადამფუძნებლისთვის, შეურაცხმყოფელია იმის მოსმენა , რომ ჩემი ყოფილი პოლიტიკური ლიდერი და ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი თურმე სხვა ქვეყანას ემსახურება და ღალატობს სამშობლოს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც ამერიკულ გამოცემა "ნიუ იორკ თაიმსში" სათაურით, "სააკაშვილს საკუთარი წარსული დევნის და არა - პუტინთან "შეკრული" ივანიშვილი" გამოქვეყნდა.

მისივე თქმით, არასერიოზული და სამარცხვინოა იმაზე მსჯელობა, რომ ივანიშვილი შეგნებულად, გააზრებულად და თანმიმდევრულად წლების განმავლობაში ხომ არ ატარებს რუსეთის ინტერესებს ("რუსეთის პატრიოტია"), ან ცდილობს საქართველოს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებას ("საქართველოს მცდარი პატრიოტი").

"ჩემს მოვალეობად მიმაჩნია, გამოვეხმაურო ამ თემას და ზოგიერთი ფაქტი შევახსენო მათ, ვინც შეცდომაშია შეყვანილი. ივანიშვილის უპრეცედენტო მასშტაბის საქველმოქმედო საქმიანობის გარდა, 2011 წლის შემოდგომამდე ცოტა რამ იყო ცნობილი მის ხედვებზე, ღირებულებებსა და გეგმებზე. მაგრამ ბოლო სამი წლის განმავლობაში, ივანიშვილის წარსულისა და დღევანდელობის ყველა დეტალი საჯარო გახდა, ამიტომ აღარ უნდა დარჩეს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოტივები ამოძრავებდა და ამოძრავებს ივანიშვილს თავის სამშობლოსთან და ხალხთან. რა არის საქართველო ბიძინა ივანიშვილისთვის? - საქართველო ბიძინა ივანიშვილის სამშობლოა, სადაც დაიბადა და მშრომელი ადამიანების, ჩვეულებრივ ოჯახში გაიზარდა. ივანიშვილმა საქართველო 29 წლის ასაკში დატოვა, მაგრამ როგორც კი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის გაკეთება შეძლო, ჯერ კიდევ დამწყებმა ბიზნესმენმა, 22 წლის წინ, სამოქალაქო ომისგან გაპარტახებული საქართველოს დასახმარებლად საქართველოში 400 ტრაქტორი გამოაგზავნა. საქართველოსთვის უმძიმეს, 90-იან წლებში ივანიშვილმა ქართული ინტელიგენცია იხსნა უკიდურესი გაჭირვებისა და შიმშილისგან და ასობით ადამიანს ყოველთვიური დახმარება დაუნიშნა. ორი ათეული წლის განმავლობაში მისი საქველმოქმედო ფონდის დაფინანსებით აღდგენილი და რესტავრირებუილა რამდენიმე ასეული ეკლესია-მონასტერი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, აშენებული და აღდგენილია სკოლები, უნივერსიტეტები, სამედიცინო დაწესებულებები, თეატრები, ბიბლიოთეკები, გზები, ხიდები და მრავალი სხვა. წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა სოციალურ პროექტებს, ეხმარებოდა მოხუცებულთა და ბავშვთა სახლებს, მიწისძვრით დაზარალებულებს. ყველაფერი ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც საქართველო ცდილობდა რუსეთის ორბიტისგან თავის დაღწევას. მაშინ საქართველოში ამ კაცის სახელი ცოტა ვინმემ თუ იცოდა, ხოლო სახეზე ოჯახის წევრებისა და მეგობრების ვიწრო წრის გარდა, არავის ენახა", - წერს დავით უსუფაშვილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ასევე აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა სამ მილიარდ დოლარზე მეტი უკვე დახარჯა ქველმოქმედებაში და როგორც არაერთხელ განაცხადა, გადაწყვეტილი აქვს თავისი ქონების მინიმუმ 90 პროცენტი ქართული სახელმწიფოს შენებას მოახმაროს. მისივე თქმით, ივანიშვილის თავდადება საქართველოსა და მისი მომავლისადმი ეჭქვეშ ვერ დადგება.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, რუსეთი ბიძინა ივანიშვილისთვის ის ქვეყანაა, სადაც ის მუშაობდა სამეცნიერო დისერტაციაზე, გახდა ბიზნესმენი და დააგროვა თავისი კაპიტალის დიდი ნაწილი. მისივე თქმით, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა რუსეთი პრეზიდენტ ელცინის მმართველობის დასრულებისთანავე დატოვა და 12 წელია, იქ აღარ ჩასულა.

"ივანიშვილმა მაშინდელი რუსეთის ბიზნესწრეებს თავი დაამახსოვრა სრულიად გამორჩეულ და თითქმის დაუჯერებელი ხელწერით. იგივე ვერ ეგუებოდა ვერანაირ უწესრიგობას და უკანონობას. რაც შეეხება "გაზპრომის მთავარი აქციონერობას", ივანიშვილი "გაზპრომის ბოლო აქციას და პრეზიდენტ სააკაშვილთან საქმიან ურთიერთობებს, ერთდროულად - შვიდი წლის წინ გამოემშვიდობა, ხოლო რუსეთში დარჩენილი ყველა სხვა ქონება გაასხვისა პოლიტიკური აქტიურობის დაწყებისთანავე, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. რუსეთი ივანიშვილის წარსულს განეკუთვნება", - წერს დავით უსუფაშვილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი მხარში ამოუდგა საააკაშვილსა და მის გუნდს, რომლებიც ხელისუფლებაში 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოვიდნენ და პოლიტიკური პრიორიტეტად კორუფციასთან ბრძოლა და ქვეყნის დემოკრატიული მოდრნიზაცია და ევროატლანტიკური ინტეგრაცია გამოაცხადეს.

დავით უსუფაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი უპრეცედენტო ფინანსურ დახმარებას უწევდა სახელმწიფო სტრუქტურებს, ასევე ორი წლის განმავლობაში აფინანსებდა მინისტრების, მთავრობის წევრების, მოსამართლეების და სხვა საჯარო მოხელეების სახელფასო ფონდებს.

"მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ იგი ერეოდა პოლიტიკურ პროცესებში ან მთავრობის გადაწყვეტილებებში. მეტიც, არასასურველი მითქმა-მოთქმის თავიდან ასაცილებლად, მისი სახელი არასად ფიგურირებდა და ყველას სჯეროდა, რომ ეს სახელფასო ფონდები ჯორჯ სოროსის ფონდის მიერ ფინანსდებოდა", - წერს დავით უსუფაშვილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ასევე წერს, რომ სააკაშვლის პრეზიდენტობის დროს ივანიშვილმა უზარმაზარი ფინანსური დახმარება გაუწია ქართულ ჯარს, რათა იგი სტანდარტებს მიახლოებოდა. მისივე თქმით, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს სჯეროდა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს და მის გუნდს ქვეყანა დემოკრატიული დასავლეთისკენ მიყავდათ და მართლაც ებრძოდა კომუნისტური და კოლონიური წარსულის ნაშტებს, პირადად სააკაშვილის ხელისუფლების დასახმარებლად ივანიშვილმა იმ ხერხსაც კი მიმართა, რომ პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხა 90 მილიონი დოლარი, რათა ამ ფულით აშენებული, გარემონტებლი და აღჭურვილი სკოლა სააკაშვილსა და მის გუნდს მისწროდა.

"ასეც მოხდა, სააკაშვილი დიდხანს ტრაბახობდა ამ პროექტით. ჯამში, ივანიშვილმა ასეულობით მილიონი დოლარი მოახმარა სააკაშვილისა და მისი გუნდის საქმიანობას (მაინტერესებს, მისი ამჟამინდელი პრეტენზიების ფონზე, როგორ განმარტავს სააკაშვილი ამ მხარდაჭერას). მაგრამ როდესაც ივანიშვილისვე დახმარებით რეფორმირებული პოლიცია 2007 წლის 7 ნოემბერს სააკაშვილის ხელში საკუთარი ხალხის სადამსჯელო იარაღად იქცა და ხალხს დაუპირისპირდა, როდესაც 2008 წლის იანვარში სააკაშვილი არჩევნების გაყალბებით გზით დარჩა ხელისუფლებაში, ივანიშვილმა უარი თქვა მასთან ურთიერთობაზე და გაწყვიტა ყოველგვარი კავშირი. შედეგი იყო 2008 წლის აგვისტოს ომი, რუსეთის კარგად დაგეგმილი აგრესია და საქარღველოს პრეზიდენტის მორიგი გაუაზრებელი ავანტიურა", - წერს დავით უსუფაშვილი.