მომღერალი ზურაბ კობეშავიძე ადასტურებს, რომ მის სიძეს, მამუკა ჭუმბურიძეს არმაზში მდებარე აგარაკის გასაღები ჰქონდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ზურაბ კობეშავიძემ განუცხადა, სახლში, რომელზეც საუბარია, ადამიანის დამალვა ადვილი არ არის, რადგან მას მუდმივად აქცევენ ყურადღებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 19 წლის იოსებ გიორხელიძის გატაცების საქმეში დევს კობეშავიძის სიძის, მამუკა ჭუმბურიძის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ მას სოფელ არმაზში მდებაზე აგარაკის გასაღები ჰქონდა, რომელიც მეგობარ ჯემალ შონიას ათხოვა. შონია ამ საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირია.
"ყველა დაჭერილია, ყველას დაწერილი აქვს, მე რაღა უნდა გითხრათ?! მამუკა ჭუმბურიძე ჩემი სიძეა, მაგრამ ვერ გეტყვით არის თუ არა მისი მეგობარი შონია. თვითონ ჰკითხეთ. მის ბევრ მეგობარს ვიცნობ, ბევრს - არა. სახლის მესაკუთრე ჩემი უფროსი ძმაა. სახლის გასაღები ყველას გვაქვს და ამ სახლში სულ დროსტარებაა. ამ სახლში მუდმივად, ჩემი ძმისშვილი ცხოვრობდა, რომელიც გარდაიცვალა. ახლა ჩვენ ავდივართ ხოლმე, თუმცა იქ მუდმივად არის ადამიანი, რომელიც სახლს ყურადღებას აქცევს და ადამიანის დამალვა ასე ადვილიც არ არის", - განაცხადა ზურაბ კობეშავიძემ.
შსს-ს ინფორმაციით, 19 წლის იოსებ გიორხელიძის გატაცების საქმეზე მომღერალი ზურაბ კობეშავიძე და მამამისი დღეს, კრიმინალურ პოლიციაში დაიკითხებიან.
ამასთან, შსსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განმარტება გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, აგარაკი, სადაც გამტაცებლებს 19 წლის იოსებ გიორხელიძე ჰყავდათ, კობეშავიძეებს ეკუთვნის.
გიორგობიანის თქმით, გამოძიებას აქვს კობეშავიძის სიძის, მამუკა ჭუმბურიძის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ აგარაკი მისია.
"ჭუმბურიძე არის კობეშავიძეების სიძე, რომელიც უკვე დაიკითხა. საქმეში დევს მისი ჩვენება. ჭუმბურიძე, რომელსაც ჰქონდა ამ სახლის გასაღები, აცხადებს, რომ გასაღები ათხოვა თავის მეგობარს, შონიას. ჭუმბურიძე ამბობს, რომ არ იცის, რისთვის უნდოდა შონიას სახლი", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ იოსებ გიორხელიძე გამტაცებლებს არმაზში, მომღერალ ზურაბ კობეშავიძის და მამამისის, ჰამლეტ კობეშავიძის აგარაკზე ჰყავდათ გადამალული. ამასთან, სახლის პატრონებს არც გატაცებულის, არც გამტაცებლების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და არც საკუთარ აგარაკზე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე იციან რამე.