საპარლამენტო უმცირესობა რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. შეთანხმებასთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებას ითხოვს

საპარლამენტო უმცირესობა რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. შეთანხმებასთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებას ითხოვს

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ შემუშავებული დოკუმენტის მთავარი მოთხოვნა აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმება და საქართველოს ხელისუფლების მიერ საერთაშორისო არენაზე ოკუპაციის თემის აქტუალიზაციაა.

"ვინაიდან რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს შორის დაგეგმილი ე.წ. "ხელშეკრულება მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ძირძველი კუთხის, აფხაზეთის სრული ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს; ვინაიდან აღნიშნული ხელშეკრულება ყოველგვარ საფუძველს აცლის რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ ნებისმიერ სპეკულაციას და მოლაპარაკებათა აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაგრძელებას; ვინაიდან საქართველოს ინტერესია, შენარჩუნდეს რუსეთთან ურთიერთობის მთავარი - ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი, სადაც შუამავლის სტატუსით მონაწილეობენ აშშ, ევროკავშირი, გაერო და ეუთო; ვინაიდან რუსეთის ფედერაციის მხრიდან აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ყირიმის ანექსიის, უკრაინის მიმართ სამხედრო აგრესიის გაგრძელებასა და საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას; ვინაიდან რუსეთი კვლავაც არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის ხელშეკრულებას, განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციას და ეწინააღმდეგება მის მიერვე ჩატარებული ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოფხვრას; ვინაიდან რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ბარიერების აღმართვას, მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებას და სხვა პროვოკაციებს - საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას: 1. გადახედოს რუსეთთან მიმართებაში დღემდე წარმოებულ კონტრპროდუქტიულ პოლიტიკას და გააუქმოს აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების ფორმატი; 2. შეწყვიტოს საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთთან წარმოებული "წარმატებული კონსტრუქციული დიალოგის" შესახებ საუბარი, რადგან ნებისმიერი ასეთი ტიპის სპეკულაცია იწვევს საქართველოს დეოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში დაქვეითებას; 3. იხმაროს ყოველგვარი ღონე, რათა მოხდეს საქართველოს დეოკუპაციის და დევნილთა დაბრუნების საკითხების უკრაინის დეოკუპაციის საკითხთან საერთაშორისო დღის წესრიგში დაკავშირება, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ერთ პაკეტში განხილვა და ხელახალი აქტუალიზაცია; 4. მხარი დაუჭიროს რუსეთის ფედერაციის მიმართ ცივილიზებული სამყაროს მიერ შემოღებულ სანქციებს და იხმაროს ყოველი ღონე რათა აღნიშნული სანქციების მოხსნის წინაპირობათა შორის მოხვდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანის პირობა; 5. მოახდინოს ჟენევის მოლაპარაკებებზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შემუშავების საკითხის ხელახლა წამოჭრა", - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში. დაუჭერს თუ არა მხარს უმრავლესობა შეთავაზებულ პროექტს, ჯერჯერობით უცნობია.