19 წლის იოსებ გიორხელიძის გატაცების საქმეზე მომღერალი ზურაბ კობეშავიძე და მამამისი დაიკითხებიან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა განუცხადა.
მისივე თქმით, კობეშავიძეებს დაკითხვაზე კრიმინალურ პოლიციაში დაიბარებენ.
ამასთან, გიორგობიანმა განმარტება გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, აგარაკი, სადაც გამტაცბელებს 19 წლის იოსებ გიორხელიძე ჰყავდათ, კობეშავიძეებს ეკუთვნის.
გიორგობიანის თქმით, გამოძიებას აქვს კობეშავიძის სიძის, მამუკა ჭუმბურიძის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ აგარაკი მისია.
"ჭუმბურიძე არის კობეშავიძეების სიძე, რომელიც უკვე დაიკითხა. საქმეში დევს მისი ჩვენება. ჭუმბურიძე, რომელსაც ჰქონდა ამ სახლის გასაღები, აცხადებს, რომ გასაღები ათხოვა თავის მეგობარს, შონიას. ჭუმბურიძე ამბობს, რომ არ იცის, რისთვის უნდოდა შონიას სახლი", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა. ჯემალ შონია გატაცების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულია.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ იოსებ გიორხელიძე გამტაცებლებს არმაზში, მომღერალ ზურაბ კობეშავიძის და მამამისის, ჰამლეტ კობეშავიძის აგარაკზე ჰყავდათ გადამალული. ამასთან, სახლის პატრონებს არც გატაცებულის, არც გამტაცებლების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და არც საკუთარ აგარაკზე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე იციან რამე. "არავის უთქვამს ჩვენთვის და ვინც ჩაატარა ოპერაცია, ისინი არიან დასაჭერები", - განაცხადა ჰამლეტ კობეშავიძემ.
19 წლის იოსებ გიორხელიძის გატაცებაში ბრალდებულ ყოფილი კუდ-ისა და სოდ-ის თანამშრომლებს დღეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გუშინ შეეფარდათ.
ბრალდებულები: დურმიშხან ღვარჩლიანი, ჯემალ შონია და გიორგი ქალდანი პროკურატურის შუამდგომლობას, რომელიც მათთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, სრულად დაეთანხმნენ. დურმიშხან ღვარჩლიანს, ჯემალ შონიას და გიორგი ქალდანს ადოკატები არ ჰყავდათ. მხოლოდ ერთი ბრალდებულის ალექსანდრე ჭანტურიას ადვოკატმა, ვლადიმერ კიკნაძემ დააყენა შუამდგომლობა მისი დაცვის ქვეშ მყოფის 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ, თუმცა მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ოთხივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულებმა დაგეგმეს და განახორციელეს იოსებ გიორხელიძის გატაცება. 10 ოქტომბერს ჯემალ შონიამ და გიორგი ქალდანმა მოტყუებით შეაღწიეს გიორხელიძის სახლში, იარაღის მუქარით გამოიყვანეს სახლიდან იოსებ გიორხელიძე, რომელსაც ფულის გამოძალვის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. გამტაცებლები იმავე დღეს დაუკავშირდნენ გატაცებულის მამას რამინ გიორხელიძეს და შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ 300 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს. რამინ გიორხელიძემ სამართალდამცველებს მიმართა.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 12 ოქტომბერს ჯემალ შონია და ალექსანდრე ჭანტურია - თბილისში, ხოლო 13 ოქტომბერს დურმიშხან ღვარჩლიანი დაბა წყნეთში და გიორგი ქალდანი სოფელ არმაზში დააკავეს. გიორგი ქალდანის პირადი ჩხრეკისას "ტე-ტე"-ს სისტემის პისტოლეტი, ვაზნები და 10 000 დოლარი ამოიღეს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ვ" ქვეპუნქტებით).