დავით უსუფაშვილი - სააკაშვილს საკუთარი წარსული დევნის და არა -

დავით უსუფაშვილი - სააკაშვილს საკუთარი წარსული დევნის და არა - "პუტინთან შეკრული ივანიშვილი"

"სააკაშვილს საკუთარი წარსული დევნის და არა - პუტინთან "შეკრული" ივანიშვილი", - ამ სათაურის აქვეყნებს გამოცემა "ნიუ იორკ თაიმსი" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილს წერილს. 

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წერს, საქართველოს მეგობრების და პარტნიორების შეშფოთება ყოფილი პრეზიდენტის ბრალდებულად ცნობის გამო კიდევ ერთი ნიშანია, რომ საქართველოს მეგობრები გულგრილი არ არიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისადმი.

"მათ პოზიციას აღვიქვამ საქართველოს მხარდაჭერად და სურვილად, იხილონ ჩემი სამშობლო განვითარებულ და შემდგარი დემოკრატიის ქვეყნად. მესმის, ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკური მეგობრების რეაქცია. რთულია იმის ყურება, როგორ განიცდის კრახს ერთ დროს შენი პოლიტიკური მოკავშირე, რომელიც დანაშაულის ჩადენაშია ბრალდებული. ვიცი და კარგად მესმის, რა იწვევს მათ შეშფოთებას. მათ ეშინიათ, რომ შესაძლოა, პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების ნიშნები გაჩნდეს სუსტი დემოკრატიული ინსტიტუტების მქონე ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიაში ცხოვრების მწირი გამოცდილება აქვს. შემიძლია გავუგო მათ, რადგან წლების განმავლობაში ისინი საქართველოდან იღებდნენ მცდარ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ყვაოდა დემოკრატია ჩვენს ქვეყანაში. ახლა კი, მათ უჭირთ იმის დაჯერება, რომ ახალი მთავრობა არ აპირებს, გადაუხვიოს დემოკრატიის გზას. ამიტომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ უპასუხოდ არ უნდა დატოვოს მათი კითხვები, რაოდენ უსამართლო და დაუსაბუთებელიც არ უნდა იყო ეს კითხვები. არის საკითხები და ეჭვები, რომელშიც სიცხადის შეტანა რთულია, რადგან რთულია ცალკეული პროცესების მუდმივი და ეფექტური მონიტორინგი ან ყველა ფაქტის გადამოწმება", - წერს დავით უსუფაშვილი. 

ამასთან, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, არის საკითხები, რომლებზეც ჭეშმარიტების დადგენა მარტივია. ერთ-ერთი ასეთი საკითხია ბრალდებულ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიერ ფართოდ ტირაჟირებული ვერსია იმის შესახებ, რომ სააკაშვილს დევნის არა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა კანონის უზენაესობის შესაბამისად, არამედ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც მოქმედებს ყოფილი პრემიერია და "გაზპრომის მთავარი აქციონერის" ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით და, რომლებიც გაერთიანებული ძალებით ცდილობენ მთელს რეგიონში მთავარი დემოკრატიული ლიდერის განადგურებას. 

"ისინი, ვისაც არა აქვთ საჭირო ინფორმაცია ან არ უნდათ, რომ ჰქონდეთ, შეიძლება მართლაც ადვილად მოიხიბლონ ამ ჰოლივუდური სიუჟეტით. მაგრამ გაოცებას იწვევს იმ ცალკეული პოლიტიკოსების დამოკიდებულება, ვისაც არც ინფორმაციის ნაკლებობა აქვს და არც გამოცდილების", - წერს დავით უსუფაშვილი.