იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში სოკოთი მოწამვლის შედეგად ხუთი წლის ბავშვი გარდაიცვალა. "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, გოგონა კლინიკაში რუსთავიდან მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს და საავადმყოფოში რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, სოკოს ინტოქსიკაციით იაშვილის კლინიკაში ქარელის რაიონიდან 10 და 12 წლის ძმები არიან მოთავსებული.
სოკოთი მოწამვლის მასობრივი შემთხვევა რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. სულ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსთავში ჯგუფური მოწამვლის 12 შემთხვევა დაფიქსირდა. 12-ვე შემთხვევაში სოკო მოსახლეობამ ტყეში დაკრიფა.