დავით ზურაბიშვილი: კოალიციის ფორმატი ჯერ კიდევ გასარკვევია

დავით ზურაბიშვილი: კოალიციის ფორმატი ჯერ კიდევ გასარკვევია

კოალიციის ფორმატი ჯერ კიდევ გასარკვევია, - აცხადებს გაზეთ "პრემიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი. მისი თქმით, კოალიციაში 6 პარტიაა და ერთი რაიმეს იტყვის, 5 თავს ვერ დაუკრავს.

"ყველაფრის პოლიტსაბჭოს დონეზე განხილვა რომ ვერ მოხერხდება, ესეც ფაქტია. კოალიციის ფორმატი ჯერ კიდევ გასარკვევია. პირველ ეტაპზე ყველამ ვთქვით უარი კოალიციურ პრინციპზე და ამიტომ, მთავრობაც არ არის დაკომპლექტებული ასე, ანუ ყველა პარტიას იქ თავისი კვოტა არ აქვს. რადგან ასეა, მაშინ რა გვრჩება ამ გუნდურობიდან?! ალბათ, უნდა მივიღოთ დოკუმენტი, რომელიც დაარეგულირებს, სად გადის ჩვენი გუნდურობის, ან პარტიულობის ინტერესები. თუ ყველას ყველაფერზე ერთი აზრი უნდა ჰქონდეს, ესეც უნდა გაირკვეს და ერთ პარტიაში გავერთიანდეთ, რაღად გვინდა სხვადასხვა პარტიები?! ამ ეტაპზე ერთპარტიული მმართველობა არ არის, კოალიციური მმართველობის დროს კი, ცხადია, აუცილებლად იქნება განსხვავებული მოსაზრებები და ამას ყველა უნდა შეეგუოს. სტრატეგიულ საკითხებში უნდა იყოს თანხმობა, მაგალითად, ნატოს წევრობა გვინდა თუ არ გვინდა", - აცხადებს ზურაბიშვილი და აღნიშნავს, რომ არის სიტუაციები, სადაც განსხვავებული აზრის გამოხატვის არ უნდა შეგვეშინდეს. 

"არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ვიღაც გვეტყვის, ეს ნაციონალების აზრს დაემთხვა და შეკრულები ხართო. ვერავინ უარყოფს, რომ კოალიცია შექმნა ბიძინა ივანიშვილმა და მისი ავტორიტეტის ხარჯზე მოხდა ხელისუფლების ცვლილებაც. პარტიები მანამდეც ვიყავით და მაინცდამაინც კარგ მდგომარეობაში არ ვგრძნობდით თავს. ბუნებრივია, მის მიმართ გვაქვს მადლიერების მომენტი. რა წესებიც დაგვიდგინა თავიდან, ყველა უპირობოდ დავეთანხმეთ, მაგრამ გავიდა დრო და გამოჩნდა ამ ქმედებების პლუსები და მინუსები. ახლა კიდევ არის რაღაც დასარეგულირებელი. ურთიერთობების ფორმალიზებაა საჭირო. კოალიცია რომ შეიქმნა და ყველაფერი დადასტურდა ხელმოწერებით, ახლაც ასე უნდა მოხდეს. ურთიერთობების წესები ახლიდან არის შესამუშავებელი, სამსჯელო და ხელმოსაწერი. იმედია, ეს მოხდება", - აცხადებს ზურაბიშვილი.