სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე, რომელიც გუშინ გაიმართა, სხვა თემებთან ერთად, ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება და "რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების" გაფორმების შესაძლებლობა განიხილეს.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს განცხადებაში.
"საბჭოს წევრებმა იმსჯელეს მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტზე და ხელისუფლების მხრიდან რეაგირების მექანიზმებზე. სხდომის შემდეგ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გავრცელდა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელიც შეთანხმებული იყო სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთან", -აღნიშნულია განცხადებაში.