საპარლამენტო უმცირესობა, რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულების სავარაუდო გაფორმებასთან დაკავშირებით პარლამენტში რეზოლუციის ტექსტს შეიმუშავებს.
როგორც დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, უმცირესობა მზად არის ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან, რათა თავიდან იქნას აცილებული აფხაზეთის ანექსია. ისინი ხელისუფლებას სთხოვენ, შეწყდეს რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკების ფორმატი და ის მხოლოდ ჟენევის ფორმატით გაგრძელდეს.
,,რუსეთსა და აფახაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას შორის მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკება იმის თაობაზე, რომ გაფორმდეს ხელშეკრულება, რომელიც მოახდენს აფხაზეთის ანექსიას. ჩვენი აზრით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლიც უნდა განიხილებოდეს საქართველოში. ვთვლით, რომ ეს არ არის ის თემა, რომლის გარშემოც უნდა მიმდინარეობდეს კინკლაობა. ყველა ოპოზიციური ძალა უნდა გაერთიანდეს იმისთვის, რათა არ მოხდეს მსგავსი რამ. ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას თანამშრომლობას, მათ შორის, ჩავრთოთ ყველა რესურსი. მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური მობილიზაცია, რათა მსგავსი ნაბიჯები არ გადაიდგას. სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით უკრაინის ამბებზე, გვინდოდა, რომ საქართველოს საკითხიც უკრაინასთან ერთად განხილულიყო. მაშინ ხელისუფლებამ არ მოგვისმინა, რის გამოც დღეს დავდექით ამ რეალობის წინაშე. ჩვენ მოვითხოვთ ხელისუფლებისგან ორ რამეს - შეწყდეს ე.წ. ორმხრივი ფორმატი, აბაშიძე-კარასინის ფორმატის სახით და რუსეთთან მოლაპარაკება მხოლოდ ჟენევის ფორმატით გაგრძელდეს; ასევე მოვითხოვთ, რომ საქართველოს პარლამენტმა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. ჩვენ მოვამზადებთ რეზოლუციის ტექსტს და ხვალ დავარეგისტრირებთ მას. იმედი გვაქვს, კვირის ბოლომდე უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
რუსეთსა და აფხაზეთს შორის "მოკავშირეობასა და ინტეგრაცისთან" დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება.