საპარლამენტო უმცირესობის წევრი, დეპუტატი გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულების შესაძლო გაფორმებასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოზე და პარლამენტშიც უნდა იმსჯლეონ.
წერეთელის განცხადებით, მისთვის გაუგებარია პრეზიდენტის გადაწყვეტილება, საკითხის ჯერ პარლამენტში განხილვაზე და შემდეგ ამასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს მოწვევა.
"პრეზიდენტი არის კონსტიტუციით განსაზღვრული უმაღლესი მთავარსარდალი. საგარეო პოლიტიკაც სწორედ მისი მიმართულებაა. იმ ვითარებაში, როდესაც რუსეთი პრაქტიკულად გამოცხადებულად ახდენს ანექსიას საქართველოს ტერიტორიის, სწორია, რომ ეს საკითხი უნდა იყოს განხილული. უშიშროების საბჭო სათათბირო ორგანოა და პრეზიდენტს შეუძლია მოიწვიოს ის ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. პარლამენტს რაც შეეხება, აუცილებლად უნდა იმსჯელოს ამ თემაზე. მაგრამ ჯერ პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება და შემდეგ იყოს უშიშროების საბჭო, არა მგონია სწორი იყოს. უშიშროების საბჭო აუცილებლად უნდა იქნას მოწვეული და ამის კომპეტენცია აქვს პრეზიდენტს", - განუცხადა ჟურნალისტებს გიგი წერეთელმა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს მიმართავს, რუსეთსა და აფაზეთს შორის ,,მოკავშირეობის და ინტეგრაციის" შეთანხმებასთან დაკავშირებით პოზიცია შეიმუშაოს, რის შემდეგაც ის უშიშროების საბჭოს სხდომას მოიწვევს.