ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის განცხადებით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" შეთანხმება რუსეთის მხრიდან ანექსიის პოლიტიკის გაგრძელებაა.
როგორც ჟურნალისტებს ირინა იმერლიშვილმა განუცხადა, რუსეთის მხრიდან ეს ნაბიჯი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ არის მიმართული.
"ეს არის ანექსისტური პოლიტიკის გაგრძელება, თუმცაღა ერთგვარი მოდერნიზებული ფორმით, ვინაიდან ე.წ. სახელმწიფოებრიობას აფხაზეთს ამ ხელშეკრულებით უნარჩუნებენ. თუმცა, ცხადია, ეს არის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი", - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.
მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს მიმართა ქვეყნის პრეზიდენტმა, როგორც ქვეყნის ერთიანობის გარანტმა, ხოლო პარლამენტი არის უწყება, რომელიც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას შეიმუშავებს.
იმერლიშვილი ამბობს, რომ აუცილებელია, პარლამენტმა აღნიშნულის შეფასება გააკეთოს, ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც იქნება სახელმძღვანელო დოკუმენტი და სწორედ ამ დოკუმენტიდან გამომდინარე იქნება მოუწვეული უშიშროების საბჭოს სხდომა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს პარლამენტს მიმართა, რუსეთსა და აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით პოზიცია შეიმუშაოს, რის შემდეგაც უშიშროების საბჭოს მოიწვევს.
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შესახებ შეთანხმების პროექტს განიხილავენ. შეთანხმების პროექტი, რომელიც 6 თავისა და 25 მუხლისგან შედგება, "აფსნიპრესის" ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და გაერთიანებული ჯარების დაჯგუფების შექმნას ითვალისწინებს.
შეთანხმების პროექტის მე-5, "თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ" მუხლი ითვალისწინებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებსა და აფხაზეთს შორის გაერთიანებული დაჯგუფების შექმნას "აგრესიის მოსაგერიებლად გაეროს წესდების 51 მუხლის თანახმად და ამ დაჯგუფების სამმართველოს ინფორმირებას".
გარდა ამისა, შეთანხმება ითვალისწინებს საერთო თავდაცვითი ინფრასტრუქტურის შექმნას და ერთობლივ მოქმედებებს აფხაზეთის ე.წ. საზღვრის დაცვასთან დაკავშირებით.
შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ერთიანი სოციალური და ეკონომიკური, საერთო კულტურული და ჰუმანიტარული სივრცეების შექმნას.
ამავე პროექტით, რუსეთი ყოველმხრივ ხელს შეუწყობს აფხაზეთის საერთაშორისო კავშირების უზრუნველყოფას, მათ შორის იმ სახელმწიფოების წრის გაფართოებას, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ასევე, შექმნის წინაპირობას აფხაზეთის საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებისთვის.
აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერის რაულ ხაჯიმბას განცხადებით, რომელიც ამ შეთანხმების პროექტის დეფაქტო პარლამენტში განხილვას დაესწრო, შეთანხმება რუსეთის მხარემ მოამზადა და აფხაზეთში დიპლომატიური არხებით ჩაიტანეს.
გარდა ამისა, რუსულ გამოცემა "ვედომოსტის" რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ აღნიშნული შეთანხმება წარმოადგენს გაფართოებულ და შევსებულ ვარიანტს აფხაზეთთან 2008 წელს ხელმოწერილი შეთანხმებისა. გამოცემის წყაროს ინფორმაციითვე, საუბარი აფხაზეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შევიწროებაზე არ მიმდინარეობს და მოსკოვში მიაჩნიათ, რომ შეთანხმების უდიდესი ნაწილი სოხუმში ნეგატიურ რეაქციას არ გამოიწვევს.
ამ დოკუმენტს ე.წ. აფზხაზურ პარლამენტშიც უარყოფითი შეფასება მოჰყვა. აფხაზი ე.წ. დეპუტატები აფხაზეთსა და რუსეთს შორის გასაფორმებელ შეთანხმებას "სუვერენიტეტის დაკარგვად" აფასებენ.