თუკი რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობის და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულება დაიდება, ჩვენ მიერ შეფასდება როგორც საქართველოს ანექსიის მცდელობა , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს შესაბამის საკითხზე მსჯელობისას განუცხადა.
ფანჯიკიძის განმარტებით, აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება სერიოზულად დააზინებს როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატს, ისე რუსეთთან არსებულ პირდაპირ დიალოგს და აღნიშნული რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების დამაზიანებელი ქმედება იქნება.
"თავად აფხაზებიც კი გრძნობენ, რომ ეს არის მათი უფლებებისა და თვითმყოფადობის შევიწროების მცდელობა. მინდა ამის გამო, ერთი მხრივ, უაღრესი შეშფოთება გამოვთქვა, თუმცა ამავე დროს ვიტოვებ იმედს, რომ ეს ე.წ. ხელშეკრულება რუსეთსა და დე ფაქტო ხელისუფლებას შორის არ გაფორმდება. საერთაშორისო საზოგადოება, რა თქმა უნდა, ყურადღების გარეშე არ დატოვებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს სერიოზული მუშაობა აქვს გაწეული, რომ ამ ხელშეკრულების შესახებ საერთაშორისო საზოგადოება იყოს ინფორმირებული. ჩვენს საელჩოებს მიღებული აქვთ შესაბამისი ინსტრუქცია", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მინისტრის განმარტებით, ეს თემა იქნება მომავალ კვირას, ლუქსემბურგში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან დაგეგმილი შეხვედრის განხილვის მთავარი თემა.
"ორშაბათს მექნება სერიოზული შეხვედრა ლუქსემბურგში ევროკავშირის 28 ქვეყნის მინისტრებთან, რომელზე განხილვის თემაც იქნება ეს საკითხი. ლუქსემბურგის შემდეგ გავემგზავრები ბერლინში და იქაც ყველა ჩემს გამოსვლაში ეს ხელშეკრულება იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საუბრის თემა. ამ ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ის ნამდვილად იქნება აღქმული, როგორც საქართველოს ანექსიის მცდელობა და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი", -აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
რაც შეეხება შეკითხვას, რა რეაგირება ექნება ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას, მაია ფანჯიკიძის თქმით, ქვეყანა ძალას არ გამოიყენებს და საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაციას მოახდენს.
"საქართველო არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენებს ძალას. ჩვენ მოვახდენთ საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაციას. სხვა ბერკეტი საქართველოს არ გააჩნია, ძალის გამოყენებით არაფერი არ გვარდება", - დასძინა ფანჯიკიძემ.