უვადო პატიმრობაში მყოფი პირებიდან, სასჯელის გადახედვის ინიციატივა მომავალ წელს 3-4 მსჯავრდებულს შეეხება

უვადო პატიმრობაში მყოფი პირებიდან, სასჯელის გადახედვის ინიციატივა მომავალ წელს 3-4 მსჯავრდებულს შეეხება

უვადოდ მისჯილ პატიმართა სასჯელის გადახედვის ინიციატივა მომავალ წელს 3-4 მსჯავრდებულს შეეხება, მიმდინარე წელს – არც ერთს.   შესაბამისი განმარტებები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა შალვა შავგულიძემ გააკეთა.

დეპუტატის მონაცემებით, სასჯელს დაახლოებით 104 უვადოდ მისჯილი პატიმარი იხდის. მისივე თქმით, კანონში დაგეგმილი ცვლილებები მიმდინარე წელს არავის შეეხება, მომავალ წელს კი, 3-4 უვადოდ მისჯილ მსჯავრდებულზე 15 წლის შემდეგ გადახედვასთან დაკავშირებული ცვლილება გავრცელდება. მომავალ წლებში შავგულიძის მონაცემებით, ეს კიდევ რამდენიმე პატიმარს შეეხება. შალვა შავგულიძემ ოპოზიციის პასუხად დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონში დაგეგმილი ცვლილებები არც ერთ კონკრეტულ პირს არ უკავშირდება.

პარლამენტი პირველი მოსმენით "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს. წადგენილი კანონპროექტით ხდება უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირის სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების, ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის საკითხის განხილვისთვის დადგენილი ვადების შემცირება. კერძოდ, მსჯავრდებული უვადო თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან შეიძლება გათავისუფლდეს, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის 20 წელი (ნაცვლად დღეს არსებული 25 წლისა), ხოლო საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების შეზღუდვით შეცვლისათვის აუცილებელია, რომ მსჯავრდებულს მოხდილი ჰქონდეს თავისუფლების აღკვეთის 15 წელი (ნაცვლად 20 წლისა). შესაბამის გადაწყვეტილებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო იღებს.

კანონპროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები: გიორგი ვოლსკი, ეკა ბესელია, გოგი თოფაძე, ვახტანგ ხმალაძე, ანი მიროტაძე, გიგა ბუკია, შალვა შავგულიძე.