ეს დოკუმენტი არის აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი

ეს დოკუმენტი არის აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების პროექტი მოსკოვის მიერ სოხუმის ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პროექტით დადასტურდა, რომ რუსეთს აფხაზეთის დამოუკიდებლობის რეალურ აღიარებაზე არასდროს უფიქრია.

"ეს დოკუმენტი არის აფხაზეთის ანექსიისკენ გადადმული კიდევ ერთი ნაბიჯი. აშკარად გამოჩნდა, რომ რუსეთი არც ფიქრობდა აფხაზეთის დამოუკიდებლობის რეალურ აღიარებაზე და ფიქრობდა ანექსიაზე. სწორედ ამიტომ გამოიწვია ამ დოკუმენტის ტექსტმა სერიოზული შეშფოთება თავად აფხაზურ საზოგადოებაში. ეს დოკუმენტი მიმართულია პირველ რიგში სწორედ აფხაზური საზოგადოების და აფხაზური თვითმყოფადობის წინააღმდეგ", – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე შეფასებით, ამ დოკუმენტით აფხაზებმა დაინახეს ისიც, რასაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მათ წლების განმავლობაში ეუბნებოდა – რუსეთი არ არის აფხაზეთის მეგობარი.

"აფხაზები ახლა მაინც უნდა მოეგონ გონს. ამდენ ხანს ისინი თითქოს აღტაცებული იყვნენ იმ პოლიტიკით, რასაც რუსეთი ახორციელებდა ამ ტერიტორიაზე, მაგრამ უკვე მკაფიოდ ჩანს, რომ ამ მიმართულებით საზოგადოება შეშფოთებულია. მათი აღიარების საკითხს ეჭვქვეშ აყენებს რუსეთი, რაც თავისთავად საინტერესო ფენომენია – მოსკოვს სამიზნედ უკვე ამორჩეული ჰყავს არა მთლიანად საქართველო, არამედ აფხაზური საზოგადოება", - განმარტა მინისტრმა და დასძინა, რომ სწორედ ქართული მხარის სწორმა პოლიტიკამ აიძულა რუსეთი ეჭვქვეშ დაეყენებინა აღიარების პოლიტიკა.

სახელმწიფო მინისტრი "საინტერესო მოვლენად" მიიჩნევს იმ ფაქტსაც, რომ აფხაზეთის დღევანდელმა ე.წ. მთავრობამ აღნიშნული დოკუმენტის გამოქვეყნება საჭიროდ ჩათვალა.

"საინტერესო მოვლენაა ის, რომ აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ ეს დოკუმენტი აფხაზური საზოგადოების მსჯელობის საგნად აქცია. აშკარად ჩანს, რომ ეს პროექტი გამოიწვევს ვნებათაღელვას", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.