ოპოზიციონერი დეპუტატი ირმა ნადირაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ რამდენიმე წევრის დაპატიმრების შესაძლებლობაზე საუბრობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ნადირაშვილმა პარლამენტის დღევანდელ სესიაზე გააკეთა და ხელისუფლების მისამართით აღნიშნა, რომ მათ "ციხეში ჩაყრის" არ ეშინიათ.
"მინდა ამონარიდი წაგიკითხოთ წერილიდან, რომელიც პროკურატურამ მისწერა სასამართლოს და ეხება გარკვეული ჯგუფის ქმედებას მარნეულის თვითმმართველობის არჩევნების დროს: "ჯგუფურ მოქმედებებში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ და გარკვეულწილად ხელმძღვანელობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები: ხათუნა გოგორიშვილი, აზერ სულეიმანოვი, ნუგზარ წიკლაური, ირმა ნადირაშვილი, გიორგი გაბაშვილი და სხვები, რომელთა დაკითხვა და შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა მათი იმუნიტეტის გამო. ამჟამად მიმდინარეობს აქტიური დიალოგი საქართველოს პარლამენტთან ხსენებული პირების საგამოძიებო ორგანოში დაკითხვის მიზნით დაბარებაზე ნებართვის გაცემის თაობაზე". მე მაინტერესებს, რა ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებთ პროკურატურასთან? თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ არანაირი იმუნიტეტი არ უშლის ხელს დაკითხვაზე მისვლას. არც ერთ ჩვენთგანს არ მოგვსლია არანაირი უწყება და არ დაფიქსირებულა სატელეფონო ზარი, რომ მივსულიყავით და ჩვენებები მიგვეცა, ამიტომ რაც აქ წერია, არის სრული სიცრუე. ასევე მივმართავ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს - არ იყო საკმარისი დუმილის უფლების შენარჩუნება მაშინ, როცა წიკლაურის გატაცება მოხდა, როცა დეპუტატი ბეჟაშვილი დააპატიმრეს, ახლა უკვე ფარულ გარიგებებს აწარმოებთ იმისთვის, რომ ჩვენ ციხეში ჩაგვყაროთ დეპუტატები? თქვენ ვეღარ უარყოფთ, რომ ნებისმიერ დონეზე გიწევთ პასუხების გაცემა ოპოზიციის დევნასთან დაკავშირებით. დღეს უკვე არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ის რაც დღეს საქართველოში ხდება, არანაირი კავშირი არ აქვს კანონის უზენაესობასთან და ეს არის პირდაპირი მცდელობა ოპოზიციის მოსპობისა და განადგურების. როგორ ვერ მიხვდით აქამდე, რომ ჩვენ არ გვეშინია არც ციხეში ჩაყრის და არც ჩვენს წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოების", - განაცხადა ნადირაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა ვიცე-სპიკერ ზვიად ძიძიგურსაც მიმართა, რომელიც დღევანდელ სხდომას ხელმძღვანელობს და შეახსენა, რომ "ციხიდან გამოსვლა შეიძლება".
"ბატონო ზვიად, ეს თქვენ ყველაზე კარგად უნდა იცოდეთ: ციხეში ჩაგდება არაფერს ნიშნავს, შეიძლება ციხიდან გამოხდვიდე, ვიცე-სპიკერიც გახდე და პარლამენტის სხდომებსაც უხელმძღვანელო, ამიტომ რამდენი ადამიანიც არ უნდა ჩაგვსვან ციხეში, ეს არაფერს შეცვლის, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ჩვენს საქმეს", - აღნიშნა დეპუტატმა.