ოპოზიციონერი დეპუტატი ირმა ნადირაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ ადამიანის გატაცების უკან შესაძლოა, "ნაციონალური მოძრაობა" იდგეს , "უთავმოყვარეო და უპასუხისმგებლო ადამიანის განცხადებას" უწოდებს.
ნადირაშვილმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას "სპექტაკლი" უწოდა.
"გუშინ გავხდით ახალი სპექტაკლის მომსწრე, როცა პრემიერმა გამოთქვა "გონივრული ეჭვი", რომ ადამიანის გატაცების უკან დგას "ნაციონალური მოძრაობა". ეს ადასტურებს ერთადერთ რამეს, რომ ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელსაც გონიერების და საღი აზრის ნატამალი არ აქვს. საქართველო იმართება პანიკური და მანიაკალური შიშით შეპყრობილი პიროვნების მიერ, რომელმაც გააკეთა მკაფიო არჩევანი, ქვეყანა აცხოვროს წარსულის ნაგვის ქექვით, აცხოვროს "კაგე ბეს" კაბინეტებში შეთხზული ლეგენდებით. სამწუხაროა, რომ თქვენი არც ერთი ქმედება არ არის მიმართული ქვეყნის მომავლისკენ. თქვენი ყელმოღერებული პრემიერი 2 წლის წინ გვაბრალებდა 9 თვის ბავშვის მკვლელობას და ახლა გვაბრალებს ადამიანის გატაცების მცდელობას. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ესაა უპასუხისმგებლო და უთავმოყვარეო ადამიანის განცხადება, რომელსაც ხელში შემთხვევით ჩაუვარდა ძალაუფლება", - მიმართა ირმა ნადირაშვილმა უმრავლესობის წევრებს.