სამხატვრო აკადემიის რექტორი აქციის მონაწილეებს ხვდება

სამხატვრო აკადემიის რექტორი აქციის მონაწილეებს ხვდება

სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში აკადემიის არჩეული რექტორი გია გუგუშვილი აქციის მონაწილე სტუდენტებს ხვდება.

გია გუგუშვილთან ერთად შეხვედრაზე იმყოფებიან აკადემიის დეკანები. სტუდენტები გია გუგუშვილს სთხოვენ ხუთ წინადადებაში წარმოადგინოს აკადემიის განვითარების გეგმა. აქციის მონაწილეები და ყოფილი ლექტორი ლუიზა ლაფერაძე გია გუგუშვილის კონცეფციით ინტერესდებიან.

როგორც არჩეულმა რექტორმა სტუდენტებს განუცხადა, ყოველივე ეს აკადემიური საბჭოს წინაშე წარდგენილ პრეამბულაში თეზისებად არის წარმოდგენილი. გია გუგუშვილმა მათ პროგრამის გაცნობა ურჩია.

სტუდენტები სამხატვრო აკადემიის ეზოში დღეს დილიდან შეიკრიბნენ. ისინი აკადემიაში რეფორმებსა და ფუნდამენტურ ცვლილებებს მოითხოვენ. მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გუშინ ჩატარებული რექტორის არჩევნების გაუქმება და სასწავლებელში ყოფილი ლექტორის, ლუიზა ლაფერაძის დაბრუნებაა.