საქართველოს ხელისუფლების რეაქცია აბსოლუტურად არაადეკვატურია იმ ხელშეკრულებაზე, რომლითაც აფხაზეთის ფაქტობრივად რუსეთთან მიერთება ხდება , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის" თანადამფუძნებელმა ხათუნა ლაგაზიძემ განუცხადა.
"ხელშეკრულება, რომლის გაფორმებაც იგეგმება რუსეთის ფედერაციასა და დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებას შორის ნათლად მიუთითებს, რომ ეს თავისი შინაარსით, შედეგობრივად არის თითქმის იგივე, რაც ყირიმის მიერთება რუსეთის მხრიდან. გასაგებია, რომ იქ არის საუბარი გაერთიანებული სამხედრო ძალების შექმნაზე, რომლის მეთაურიც კრიზისულ სიტუაციებში ინიშნება რუსეთისგან და გარდა ამისა, აფხაზეთის მცხოვრებლებს უფლება ეძლევათ, გაიარონ სამხედრო სამსახური რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში. თუმცა ასევე, არის ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი: აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს კურირებას გაუწევს რუსეთის შს სამინისტრო, ანუ შიდა საქმეების და სამართალწარმოების ფუნქციასაც რუსეთი იღებს - ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ აფხაზეთი, როგორც ე.წ. დამოუკიდებელი წარმონაქმნი რუსეთისთვის, აბსოლუტურად უქმდება და ის ხდება რუსეთის ერთ-ერთი რეგიონი, ანუ დე ფაქტო სტატუსსაც ვეღარ ინარჩუნებს", - განაცხადა ლაგაზიძემ.
მისი თქმით, ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლების რეაქცია სრულიად არაადეკვატურია.
"წავიკითხე საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ეს საფრთხეს შეუქმნის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებას. რომელ ნორმალიზებაზეა საუბარი? ხელშეკრულების თანახმად, ეს შედეგობრივად არის ტოლფასი ყირიმის რუსეთთან მიერთებისა და როგორ შეიძლება, ამას ასეთი ცალყბა განცხადებით ხვდებოდეს ოფიციალური თბილისი? არც იმას ვამბობ, რომ აბჯარი უნდა ავისხათ და საომრად ვემზადებოდეთ, მაგრამ ახლა განგაშის ზარები უნდა ისმოდეს ყველა მიმართულებით, ყველა საერთაშორისო ორგანიზიაციაში და მეგობარ სახელმწიფოში, რომ ეს არის ფაქტობრივი ანექსია და აუცილებლია ძალიან მკვეთრი რეაგირება. მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ხვალ და ზეგ არ დადგეს საკითხი, რომ საქართველომ თავისი სიჩუმით ირიბად ცნო ამ ხელშეკრულებით დამდგარი ფაქტი, ანუ აფხაზეთის რუსეთთან მიერთება", - აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.
მიუხედავად ამისა, ექსპერტი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს აბაშიძე-კარასინის დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლას, რა მოწოდებაც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ გააკეთა.
"მე ამ ორივე ადამიანს ძალიან დიდ პატივს ვცემ, ამიტომ არ გამოვდგები მათი კამათის შემფასებლად, მაგრამ თავად ტრიბუნას რაც შეეხება, ვფიქრობ, საქართველომ ყველა ტრიბუნა უნდა გამოიყენოს, რათა მოვლენებს დაარქვას თავისი სახელი, მათ შორის, რუსეთთან არსებული ფორმატები", - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
ამასთან, ოფიციალური თბილისის განცხადებით, აფხაზეთთან ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერა სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აფხაზეთის ოკუპირებული რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე რუსეთის ფედერაციასთან მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.
"2014 წლის 13 ოქტომბერს აფხაზეთისა და სხვა საინფორმაციო წყაროების საიტებზე განთავსდა "რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების" პროექტი. როგორც იუწყებიან, აღნიშნული დოკუმენტი მომზადდა რუსეთის მხარის მიერ და გადაეცა განსახილველად დე ფაქტო რეჟიმის ახალ ხელმძღვანელობას. სამწუხაროდ, ზემოაღნიშნული ინფორმაცია და ე.წ. შეთანხმების პროექტის ტექსტი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპების უხეშ დარღვევასა და აღებული ვალდებულებების იგნორირებას", - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.