კოტე კუბლაშვილი თეა წულუკიანს ურჩევს, მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე იფიქროს

კოტე კუბლაშვილი თეა წულუკიანს ურჩევს, მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე იფიქროს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ურჩევს, მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის ნაცვლად, მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე იფიქროს.

"რაც შეეხება ჩემს ვადას, მე მგონი, მთავრობაშია შემოდგომაზე ცვლილებები მოსალოდნელი და ხომ არ ჯობია, ჯერ ამაზე იფიქროს?", - განუცხადა კუბლაშვილმა ჟურნალისტებს იუსტიცის მინისტრის იმ განცხადების კომენტირებისას, რომელშიც თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ "მოუთმენლად ელოდება 2015 წლის მარტს, როდესაც კოტე კუბლაშვილს უფლებამოსილებსი ვადა ამოეწურება".

რაც შეეხება მოსამართლეთა კომპეტენციასთან დაკავშირებით წულუკიანის მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს, კუბლაშვილის თქმით, მას არ ჰგონია, რომ არაიურისტ ადამიანს შეუძლია მოსამართლის კომპეტენციის შეფასება.

"კომპეტენციას რაც შეეხება, კომპეტენცია ძალიან ბევრჯერ გამოჩნდა იმ საქმეებში, რომლებიც ჩვენმა მოსამართლეებმა განიხილეს. ასე რომ, არა მგონია, არაიურისტმა ადამიანმა შეძლოს მოსამართლის კომპეტენციის შეფასება. იუსტიციის მინისტრს, ზოგადად, პრეტენზიები აქვს იმის მიმართ, რატომ არის სასამართლო ასეთი დამოუკიდებელი. მის მიერ განხორციელებული ე.წ. რეფორმის ერთადერთი ძირითადი მიზანი არის მისთვის არასასურველი მოსამართლეების მოცილება. ეს მას არაერთხელ დაუფიქსირებია და ჩამოუთვლია კიდეც ის მოსამართლეები, რომლებიც მისი თქმით, ხელს უშლიან რეფორმის გატარებაში. ეს არის პირდაპირ ზეწოლა მოსამართლეებზე", - განმარტა კოტე კუბლაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეფასებით, იუსტიციის მინისტრმა ჯერ კიდევ ვერ ისწავლა, როგორ უნდა ესაუბროს სასამართლო სისტემას.