იმედს გამოვთქვამ, აფხაზები რუსეთთან მოკავშირეობის ხელშეკრულების გაფორმებას მხარს არ დაუჭერენ

იმედს გამოვთქვამ, აფხაზები რუსეთთან მოკავშირეობის ხელშეკრულების გაფორმებას მხარს არ დაუჭერენ

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ აფხაზები რუსეთის ფედერაციასთან მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას მხარს არ დაუჭერენ. დეპუტატის თქმით, რუსეთის ეს განზრახვა საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ევროპასაც.

,,რუსეთის მხრიდან ყირიმის ანექსია მოხდა და როგორც ჩანს, მადა ჭამაში მოდის. გადაწყვეტილება მიღებულია, რომ რუსეთმა დე ფაქტო აფხაზეთიდან განსაკუთრებული ურთიერთობები დაამყაროს. აღნიშნულ შეთავაზებაზე აფხაზურ მხარეს ფორმალურად თანხმობა არ უთქვამს, მაგრამ ვიცით თუ რა საფრთხეს შეიცავს როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, ასევე ევროპული გადანაწილებისთვის და მსოფლიო წესრიგისთვის. იმედს გამოვთქვამთ, რომ იქნებ ამ წინადადებას აფხაზმა ძმებმა მხარი არ დაუჭირონ, მაგრამ რუსეთის ამ ნაბიჯებს რეაგირება სჭირდება. ჩვენი ხელისუფლებისაგან კი რეაგირება უკვე მოხდა", -განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

ოფიციალური თბილისის განცხადებით, აფხაზეთთან ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერა სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აფხაზეთის ოკუპირებული რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე რუსეთის ფედერაციასთან მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.

"2014 წლის 13 ოქტომბერს აფხაზეთისა და სხვა საინფორმაციო წყაროების საიტებზე განთავსდა "რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების" პროექტი. როგორც იუწყებიან, აღნიშნული დოკუმენტი მომზადდა რუსეთის მხარის მიერ და გადაეცა განსახილველად დე ფაქტო რეჟიმის ახალ ხელმძღვანელობას. სამწუხაროდ, ზემოაღნიშნული ინფორმაცია და ე.წ. შეთანხმების პროექტის ტექსტი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპების უხეშ დარღვევასა და აღებული ვალდებულებების იგნორირებას", - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ ზემოაღნიშნულ საკითხს და რუსეთის განზრახვას, რომლის განხორციელება თვისებრივად შეცვლის ვითარებას რეგიონში და ზოგადად დამატებით პრობლემებს შეუქმნის ევროპულ უსაფრთხოებას.