„დოკუმენტში ბევრ ადგილას სუვერენიტეტის დაკარგვაზეა საუბარი“

„დოკუმენტში ბევრ ადგილას სუვერენიტეტის დაკარგვაზეა საუბარი“

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების პროექტს ნეგატიურად აფასებს.

ვალერი ბგანბას განცხადებით, ხელშეკრულების პროექტთან მიმართებაში უფრო მეტი შეკითხვაა, ვიდრე პასუხი. რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრისას დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პროექტის არსებულმა ვარიანტმა სხვა დეპუტატებშიც ნეგატიური შეფასება გამოიწვია.

„ბევრ ადგილას საუბარი ეხება სუვერენიტეტის დაკარგვას, ამიტომ არ შეიძლება, პროექტზე აფხაზი დეპუტატების რეაქცია დადებითი ყოფილიყო, მათი პოლიტიკური ორიენტაციისაგან დამოუკიდებლობად. ჩვენ უკვე გვაქვს რუსეთთან 2008 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულება, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებსაც ეხება. უბრალოდ მისი პუნქტების შევსება იყო საჭირო და ყველა საკითხი გადაიჭრებოდა. გვესმის, რომ რუსეთთან ინტეგრაცია აუცილებელია, გვესმის, რომ ის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. მაგრამ ამავდროულად, ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო სუვერენიტეტი უნდა დავკარგოთ“, - განუცხადა რადიო „თავისუფლებას“ ბგანბამ.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დოკუმენტის მიხედვით ნათელი არ არის, შეინარჩუნებს თუ არა აფხაზეთი თავდაცვის სამინისტროს თავისი სტრუქტურებით, ასევე შეკითხვებს აჩენს განათლების სტანდარტების განსაზღვრაც, რადგან გაურკვეველია, როგორ დაეხმარება რუსეთი სოხუმს აფხაზური ენის შესწავლის სტანდარტების დადგენაში.