პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ კარასინთან მოლაპარაკების ერთ-ერთი თემა რუსეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ბედიც იქნება.
ამასთან, მისივე თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან მოლაპარაკებებზე საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება.
"ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენი მოქალაქეები რუსეთში სასჯელს იხდიან და ცდილობთ მათ ჩამოყვანას. მივატოვოთ ეს ხალხი? არ წავიდეთ, არ შევხვდეთ და არ დავილაპარაკოთ?", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრაღაში შეხვდებიან. ზურაბ აბაშიძე პრაღაში უკვე გაემგზავრა.
როგორც ცნობილია, მხარეები რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების პროექტსაც განიხილავენ.
ამასთან, ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თედო ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ მაშინ, როდესაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც აფხაზეთის და რუსეთის გაერთიანებული ჯარების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, კარასინთან შეხვედრა არ უნდა გაიმართოს.