პროკურატურა იოსებ გიორხელიძის გატაცებაში ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

პროკურატურა იოსებ გიორხელიძის გატაცებაში ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

19 წლის იოსებ გიორხელიძის გატაცებაში ბრალდებული ყოფილი კუდ-ისა და სოდ-ის თანამშრომლებისთვის პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული პროცესი 11:00 საათზე დაიწყება. სავარაუდოდ, დაცვის მხარე დაკავებული ჯემალ შონიას, ალექსანდრე ჭანტურიას, დურმიშხან ღვაჩლიანისა და გიორგი ქალდანისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ საკითხს მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილი განიხილავს.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულებმა დაგეგმეს და განახორციელეს იოსებ გიორხელიძის გატაცება. 10 ოქტომბერს ჯემალ შონიამ და გიორგი ქალდანმა მოტყუებით შეაღწიეს გიორხელიძის სახლში, იარაღის მუქარით გამოიყვანეს სახლიდან იოსებ გიორხელიძე, რომელსაც ფულის გამოძალვის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. გამტაცებლები იმავე დღეს დაუკავშირდნენ გატაცებულის მამას რამინ გიორხელიძეს და შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ 300 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს. რამინ გიორხელიძემ სამართალდამცველებს მიმართა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 12 ოქტომბერს ჯემალ შონია და ალექსანდრე ჭანტურია - თბილისში, ხოლო 13 ოქტომბერს დურმიშხან ღვარჩლიანი დაბა წყნეთში და გიორგი ქალდანი სოფელ არმაზში დააკავეს. გიორგი ქალდანის პირადი ჩხრეკისას "ტე-ტე"-ს სისტემის პისტოლეტი, ვაზნები და 10 000 დოლარი ამოიღეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ვ" ქვეპუნქტებით).