ევროპის 2016 წლის შესარჩევი მატჩი სერბეთსა და ალბანეთს შორის სტადიონზე მომხდარი ჩხუბის გამო ჩაიშალა. "ბიბისის" ცნობით, მატის მთავარმა მსაჯმა მარტინ ატკინსონმა შეხვედრა 41-ე წუთზე შეაჩერა ფეხბურთელებს შორის მომხდარი დაპირისპირების გამო.
დაპირისპირება საფეხბურთო მოედნის თავზე უპილოტო საფრენი აპარატის გამოჩენას მოჰყვა, რომელზეც ალბანეთის დროშა იყო გამოფენილი. დროშა სერბმა მცველმა სტეფან მიტროვიჩმა ჩამოგლიჯა, რამაც ალბანელი მოთამაშეების აღშფოთება გამოიწვია. არეულობაში ჩაერთნენ სტადიონზე მყოფი სერბი გულშემატკივრებიც, რომლებიც მოედანზე აალებულ ფლაერებს ისროდნენ.
"პარტიზანის" სტადიონზე არ იმყოფებოდნენ ალბანელი გულშემატკივრები, ვინაიდან მათ ბოიკოტი გამოუცხადეს მატჩს.
შეხვედრა თავდაპირველად 30 წუთის განმავლობაში შეჩერდა, თუმცა საბოლოოდ აღარ გაგრძელდა.
სერბეთსა და ალბანეთს შორის დაძაბული ურთიერთობა სერბეთის ყოფილი პროვინციის კოსოვოს გამოა შექმნილი, რომელმაც 2008 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 90-იანი წლების ბოლოს სერბეთის ნაციონალისტური რეჟიმის ბრძოლამ ეთნიკური ალბანელების წინააღმდეგ ათასობით ადამიანი იმსხვერპლა 800 ათასამდე კოსოვოელი ალბანელი ლტოლვილად აქცია.