"ნაციონალური მოძრაობის" მიერ ქვეყანაში მასშტაბური დესტაბილიზაციისთვის მზადების საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. მინისტრის მოადგილის განმარტებით, გამოძიება 315-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობრივი შეთქმულებით ხელისუფლების შეცვლის მცდელობას გულისხმობს.
"არსებობს ოპერატიული ინფორმაცია, რის შესახებაც ბატონმა მინისტრმა 10 სექტემბერს მიცემულ ინტერვიუში გააკეთა განცხადება. რა თქმა უნდა, გამოძიება მიმდინარეობს. საზოგადოებას, როგორც კი გამოძიების ფარგლებში შედეგები გვექნება, საჯაროდ მოვახსენებთ. გამოძიება 315-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობრივი შეთქმულებით ხელისუფლების შეცვლის მცდელობას", - განაცხადა ლევან იზორიამ.