თეა წულუკიანის ვარაუდით, ირაკლი ალასანია 2016 წლამდე დამოუკიდებელ პოლიტიკურ ბრძოლას არ დაიწყებს

თეა წულუკიანის ვარაუდით, ირაკლი ალასანია 2016 წლამდე დამოუკიდებელ პოლიტიკურ ბრძოლას არ დაიწყებს

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ვარაუდით, ირაკლი ალასანია 2016 წლამდე დამოუკიდებელ პოლიტიკურ ბრძოლას არ დაიწყებს. 

როგორც წულუკიანმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, 2016 წლის შემდეგ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი ყველა პარტია საკუთარ გეგმებს გადააფასებს. "მე არ მგონია, რომ ირაკლი ალასანია დამოუკიდებელ ბრძოლას დაიწყებს 2016 წლამდე. მე არ ვემხრობი კოალიციის დაშლის იდეას და, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, მასაც არ აქვს ეს დაგეგმილი. 2016 წლის შემდეგ, თუ "ქართული ოცნება" დარჩა ხელისუფლებაში და ალბათ დარჩება, ყველა გადააფასებს თავის მომავალ გეგმებს. ვაღიარებ, მიჭირს 2017 წელი პოლიტიკურად წარმოვიდგინო, მაგრამ მომავალ არჩევნებამდე, მე, როგორც ერთი მინისტრყ, ვფიქრობ, რომ "ქართული ოცნების" ერთობა საფრთხის ქვეშ არ უნდა დადგეს", - აღნიშნა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის შეფასებით, "ქართულ ოცნებაში" შემავალ არც ერთ პარტიას დღეს არ შეუძლია იყოს დამოუკიდებლად უფრო ძლიერი, ვიდრე კოალიციურ რეჟიმში.

"რაღაც ეტაპზე დადგება მომენტი, როცა პარტიები ისე უნდა გაძლიერდნენ, რომ ცალკე თამაშიც შეეძლოთ, მაგრამ, ნუ ეწყინებათ კოალიციის 6-დან ნურც ერთ პარტიას და არ ვთვლი, რომ რომელიმე ამ ძალას დღეს შეუძლია იყოს ისეთი ძლიერი მარტო, როგორიც არის, როცა ვართ ერთად", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

რაც შეეხება იმას, რომ ირაკლი ალასანია შესაძლოა "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარედ დაბრუნდეს, წულუკიანის თქმით, აღნიშნული არ უნდა განიხილებოდეს კოალიცია "ქართული ოცნების" მოსალოდნელ დაშლად. 

"თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარედ ალასანიას დაბრუნება, მე მგონი, კარგი აზრია. ეს ადრეც განიხილებოდა, ეს პარტიის მოთხოვნა იყო და მან ამ მოთხოვნას უპასუხა. იმისთვის, რომ კოალიცია "ქართული ოცნება" იყოს ძლიერი, მის შემადგენლობაში შემავალი პარტიები უნდა იყოს ძლიერი ინდივიდუალურად. მე ასე წარმომიდგენია და სხვაგვარი ეჭვის საფუძველს ვერ ვხედავ. პარტიები უნდა იყვნენ ძლიერნი, მივესალმები იმას, თუ გაძლიერდება "კონსერვატოები", "ფორუმი", "მრეწველები". პარტიული განვითარება და მშენებლობა ეს ის იყო, რასაც ხელს უწყობდა ყოფილი პრემიერ-მინისტრიც, როცა ის კოალიციის ლიდერი იყო, ასე რომ ამაში მითქმა-მოთქმის საფუძველს ვერ ვხედავ. პირადად მე, თუ არ ვიქნები მინისტრი, ყოველთვის დავრჩები "ნაციონალურ მოძრაობასთან" მებრძოლი. აქედან გამომდინარე, ვიქნები იმ პარტიასა და პარტიების კოალიციასთან, ვინც ამ გეზს ბოლომდე უერთგულებს და იმ პარტიასა და პარტიათა კოალიციასთან, რომელიც არის დასავლური ღირებულებების. "ნაციონალური მოძრაობა" რომ არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, ეს ჩემი პოლიტიკური მიზანია. ირაკლი ალასანია კი ჩემს თვალში არის ნომერ პირველი "თავისუფალი დემოკრატი", რომლის გვერდით დგომაც არის საამაყო", - აღნიშნა წულუკიანმა.