თეა წულუკიანი -

თეა წულუკიანი - "ნაციონალებს" აქვთ სცენარი, რომლის მიხედვითაც სურთ, ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების გაუარესება წარმოაჩინონ

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არ გამორიცხავს, რომ 19 წლის ახალგაზრდის გატაცების უკან ყოფილი კუდ-ის თანამშრომლების დახმარებით "ნაციონალური მოძრაობა" იდგეს. 
ამის შესახებ წუკულიანმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა და განმარტა, რომ "ნაციონალებს" აქვთ სცენარი, რომლის მიხედვითაც სურთ ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების გაუარესება წარმოაჩინონ. 

"ნაციონალური მოძრაობა" ბოლო თვეების განმავლობაში მიზანმიმართულ კამპანიას ახორციელებს, როცა ხატავს აპოკალიფტურ სცენარებს. როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ერთნაირად ლაპარაკობდნენ და ვერ გაარჩევდი ერთმანეთისგან, ახლა უკვე ოპოზიციაში მოქმედებენ ისევე და იძახიან ერთი და იმავე რამეს, რომ კრიმინალმა იმატა, რომ მთავრობა უუნაროა და აშინებენ საზოგადოებას. ეს არის მათი ერთ-ერთი სცენარი, მიზანმიმართული კამპანია მთავრობის წინააღმდეგ. მათ ორი-სამი ამგვარი ტიპის კამპანია აქვთ შემუშავებული. ერთ-ერთია სწორედ ის, რომ მთავრობა კრიმინალს ვერ ებრძვის. ამ ფონზე მე მაქვს ეჭვი და მაინტერესებს გამოძიებამ გამცეს პასუხი, რას ამბობს ის ხალხი, ვინც იქნა სპეცოპერაციის დროს დაკავებული?! ხომ არ არის კავშირი მათსა და ოპოზიციას შორის, რომელიც თავის მთავარ პოლიტიკურ "კაპიტალს" აგროვებს ისეთ სიცრუეზე, როგორიცაა ვითომდა კრიმინალის ზრდა. მე მაქვს ეჭვი და მაინტერესებს, ამ კამპანიის ნაწილი ხომ არ არის გარკვეული დანაშაულების დადგმა იმის იმედით, რომ "რაკი მთავრობა სუსტია, ვერ გამოიძიებს". ამას არ გამოვრიცხავ და მაინტერესებს კითხვაზე პასუხი, ვინ არიან ეს ადამიანები. კუდ-ი იყო ის იარაღი წინა მთავრობის ხელში, რომლითაც სახელმწიფო ჩადიოდა დანაშაულს. დღეს ვხედავთ, რომ ახალგაზრდა გაიტაცა ყოფილი კუდი-ს 4-მა თანამშრომელმა, რომელიც თავის დროზე ღარიბაშვილმა გაათავისუფლა სამსახურიდან. მე მაინტერესებს, ხომ არ არის ეს ხალხი დღესაც ყოფილი მმართველი გუნდის ხელში იარაღი?", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება უშუალოდ კრიმინალს, იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, დანაშაული არ გაზრდილა. "საქართველოში კრიმინალი არ გაზრდილა. ამას აჩვენებს ის ციფრები, რომელიც დათვლილია სხვადასხვა მეთოდით. ერთადერთი, კაცების მხრიდან ქალების მიმართ აგრესიამ იმატა – ქმრები კლავენ ცოლებს, მაგრამ მეტი არსად კრიმინალის ზრდა არ დაფიქსირებულა", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.