საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი შვეიცარიის კონფედერაციაში ოფიციალური ვიზიტის პროგრამის ფარგლებში, ბერნში შვეიცარიის ფედერალური პარლამენტის ეროვნული საბჭოს თავმჯომარეს, რუდი ლუსტენბერგერს შეხვდა. მიმდინარე ვიზიტი საქართველოს პარლამენტის დელეგაციის პირველი ოფიციალური ვიზიტია შვეიცარიის კონფედერაციაში. შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობა უფრო ხშირი და ნაყოფიერი ხდება, რასაც ისინი მიესალმებიან. პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა შვეიცარია-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ფილიპო ლომბარდის მის მიერ გაწეული აქტიური მუშაობისათვის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამყარების კუთხით, ასევე ხაზი გაუსვა ორივე ქვვეყნის საელჩოების ნაყოფიერ და აქტიურ მუშაობას. დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ შვეიცარიას აკისრია ძალიან მნიშვნელოვანი და დელიკატური როლი მედიატორის სახით, საქართველო-რუსეთ შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში. ,, შვეიცარია განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს ქართველი ხალხისგან, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან",-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ორივე მხარემ აღნიშნა, რომ ამ ვიზიტის განხორციელებით ქვეყნებს შორის ურთიერთობა ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდა. შვეიცარიის ფედერალური ასამბლეის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით: ,,შვეიცარული ტრადიციაა, რომ ქვეყანაში არსებული დიპლომატიური რესურსი მოახმაროს გლობალური პრობლემატური საკითხების გადაჭრას ". მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვეიცარია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მის უფლებას დამოუკიდებლად განკარგოს თავისი მომავალი.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მთლიანად რეგიონში არსებულ სიტუაციას, ასევე საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
,,ეს არის საქართველოს პარლამენტის დელეგაციის პირველი ოფიციალური ვიზიტი ამ ქვეყანასი და როგორც მოსალოდნელი იყო ჩვენ აქ შეგვხვდნენ მეგობრები. პარლამენტის ეროვნული საბჭოს თავმჯომარე ძალიან დაინტერესებულია, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა განვითარდეს და გაღრმავდეს. შვეიცარია ასრულებს განსაკუთრებულ მისიას რუსეთ - საქართველოს შორის ურთიერთობებში იმ პირობებში, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს ორ ქვეყანას. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ასეთი სანდო და საუკენეების განმავლობაში გამოცდილი ქვეყანა, ნეიტრალური შვეიცარიაა შუამავალი და მედიატორი, რომელსაც შეგვიძლია ვენდოთ და დარწმუნებულ ვიყოთ, რომ ამ პროცესში არაფერი მოხდება საქართველოს ინტერესების საზიანოდ. ჩვენ დეტალურად მიმოვიხილეთ შექმნილი ვითარება",-განაცხადა დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, ძალიან საყურადღებოა ის ფაქტი, რომ შვეიცარიის პარლამენტში შექმნილ საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს ხელმძღვანელობს ქვეყნის სენატის ყოფილი თავმჯდომარე, ბატონი ლომბარდი, რომელიც შვეიცარიაში გავლენიანი პოლიტიკოსია და მისი მცდელობები კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება საქართველოსთვის. ,, ჩვენ გავაგრძლებთ შეხვედრებს. შვეიცარია ამჟამად ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყანაა. ამ სტატუსით შვეიცარია ასევე აქტიურ როლს თამაშობს ზოგადად უსაფრთხოების საკითხებში, ამიტომ გვექნება შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ მდივანთან და ეუთო-ში შვეიცარიის წარმომადგენელთან, რომელიც საქართველოს და სამხრეთ კავკასიის საკითხებზე მუშაობს",-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.