ხანძრის შედეგად დაზარალებულებს დევნილთა სამინისტრო დახმარებას გაუწევს

ხანძრის შედეგად დაზარალებულებს დევნილთა სამინისტრო დახმარებას გაუწევს

თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს დევნილთა სამინისტრო გადაუდებელ დახმარებას გაუწევს. როგორც თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძრის ადგილას მისულმა დევნილთა მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პირველადი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად და ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოების გამო დაზარალებულია 30-მდე ოჯახი, რომლებსაც გადაუდებელი დახმარება გაეწევა.

მისი განმარტებით, გადაუდებელ დახმარებაში ფულადი თანხა იგულისხმება. რაც შეეხება დაზარალებული დევნილების მოთხოვნას, რომ ისინი დაკმაყოფილდნენ საცხოვრებელი ფართებით, როგორც შოთა რეხვიაშვილმა განმარტა, აღნიშნულ შენობაში მცხოვრებლებს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გააჩნიათ. შესაბამისად, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა დევნილთა სამინისტროს კომპეტენციაში არ შედის და ამ საკითხზე დევნილებმა საკუთარი მოთხოვნები გამგეობისა და მერიისკენ უნდა მიმართონ. ამ დრომდე თევდორე მღვდლის ქუჩაზე, # 13-ში დამწვარი შენობის შედეგად დაზარალებული დევნილები ხანძრის ადგილას არიან შეკრებილი, ისინი მოითხოვენ ღამის გასათევს და აცხადებენ, რომ მთავრობამ უნდა დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნა და გადასცეს მათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები. ადგილზე მერიის, საკრებულოსა და დიდუბის გამგეობის წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

დევნილების ინფორმაციით, მათ შესთავაზეს ორდღიანი ღამის გასათევი, ასევე შენობის გარემონტება. ჯერჯერობით ზარალი დათვლილი არ არის. თუმცა, არსებული ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 1000 კვმ ფართობი. რომლის შედეგად 30-მდე ოჯახი დაზარალდა.