ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი საქართველოს თვითმმართველობის არჩევნებზე იმსჯელებს

ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი საქართველოს თვითმმართველობის არჩევნებზე იმსჯელებს

დღეს ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი 27-ე სესიაზე, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იმსჯელებს.

მერიის პრესსამსახურის ცნობით, კონგრესის წევრები მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელის ჯოს ვიენენის მოხსენებას მოისმენენ, რის შემდეგაც დებატები გაიმართება. დღესვე, კონგრესი მიიღებს რეზოლუციას, რომელშიც რეკომენდაციების სახით კონგრესის წინადადებები იქნება დაფიქსირებული. დაგეგმილია ასევე დავით ნარმანიას სიტყვით გამოსვლა, რომელშიც ის როგორც ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებზე, ისე საქართველოში მიმდინარე თვითმმართველობის რეფორმაზე ისაუბრებს.

დავით ნარმანიას განცხადებით, მონიტორინგის ანგარიშის პირველადი ვერსიით, მონიტორინგის კომიტეტი დადებითად აფასებს თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობას საქართველოში.

"ჩვენი ინფორმაციით, ეს არის ძალიან პოზიტიური ანგარიში, რომლის მსგავსიც, პრაქტიკულად, დღემდე არ ყოფილა. რეკომენდაციები, რომელსაც, სავარაუდოდ, მივიღებთ, საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხების მოგვარებას და საარჩევნო პროცედურების კიდევ უფრო დახვეწას ითვალისწინებს, რასაც ჩვენც ვეთანხმებით. სხვა მხრივ, მონიტორინგის კომიტეტი მაღალ შეფასებას აძლევს თვითმმართველობის არჩევნებს", - განაცხადა თბილისის მერმა.

მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელის ჯოს ვიენენის განმარტებით, ყველაზე მნიშვენლოვან განსახილველ საკითხებს შორის სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული არჩევნებია, მათ შორის, არის საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.

"მოვისმენთ მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშს, რომელიც საქართველოში არჩევნებს აკვირდებოდა. ასევე, დებატები გაიმართება, ხოლო ამ დისკუსიების შედეგი იქნება რეკომენდაციები, რათა საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა კიდევ უფრო გააუმჯობესოს სტანდარტი, რომელიც ახლა არსებობს", - განაცხადა ჯოს ვიენენმა.

სესიაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით ასევე იმყოფება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, რომელიც კონგრესის წევრებს, რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ანგარიშს და რეფორმასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებს გააცნობს.

დელეგაცია საქართველოში 15 ოქტომბერს დაბრუნდება.