„ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთი პოლიტიკური დაჯგუფებაა, რომელსაც ქვეყანაში ქაოსი და არეულობა აწყობს“

„ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთი პოლიტიკური დაჯგუფებაა, რომელსაც ქვეყანაში ქაოსი და არეულობა აწყობს“

ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვინც დააპირებს ქვეყანაში არეულობის მოწყობას, კანონის ფარგლებში, ყველა მაქსიმალური სიმკაცრით იქნება დასჯილი.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის  სიცრუესა და დემაგოგიაზე დაფუძნებული დესტრუქციული ძალა. ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთადერთი პოლიტიკური დაჯგუფება, რომელსაც აწყობს, ქვეყანაში იყოს ქაოსი და არეულობა, მაგრამ ეს არც მათ და არც მათ მომხრეებს არ გამოუვათ. ვინც დააპირებს რაღაც არეულობების მოწყობას, ყველა სათანადოდ, მაქსიმალური სიმკაცრით იქნება დასჯილი, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე სოდ-ის და კუდ-ის ყოფილი თანამშრომლების დაკავების კომენტირებისას განაცხადა, რომ დაისჯება ყველა, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ რამეს დაგეგმავს.

„მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო მოსახლეობას, ვის ხელში იყო საქართველო. ასეთი კრიმინალების, გამტაცებლების, მკვლელების და ყაჩაღების ხელში იყო მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო და ესენი მართავდნენ საქართველოს. გასარკვევია, ვინ დგას ამის უკან და სამინისტრო და მინისტრი ამის გარკვევაზე მუშაობენ. ეს შემთხვევითი არ არის. მე მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ამის უკან დგას ორგანიზებული ძალა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, თუმცა ამას, რა თქმა უნდა, გამოძიება სჭირდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.