თეა წულუკიანი "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობაში მონაწილეობას იმ ხარისხით მიიღებს, რა საშუალებასაც იუსტიციის მინისტრის მანდატი აძლევს.
ამის შესახებ წულუკიანმა ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, დაესწრება თუ არა ის "თავისუფალი დემოკრატების" დაგეგმილ ყრილობას და ხომ არ იგეგმება პარტიის გასვლა კოალიციიდან.
"ქართული ოცნების" კოალიციას დაშლა არ ემუქრება. ჩვენ როგორც არასდროს, ისე გვჭირდება წელს, გაისად და კიდევ 2016 წელს ერთობა, რადგან მე პირადად "ქართული ოცნების" პოლიტიკური კოალიციის ერთ-ერთ წევრს და ამ კოალიციიდან დანიშნულ მინისტრს მიმაჩნია, რომ "ქართული ოცნება" მხოლოდ მაშინ იქნება წარმატებული, თუ ჩვენ გვექნება ერთობა. ამიტომ კითხვის ნიშნის ქვეშ ეს ერთობა დღეს არ დგას და ვერ დადგება. რა თქმა უნდა, "თავისუფალი დემოკრატების" პარტიულ ყრილობაზე მე მივიღებ მონაწილეობას, თუმცა იმ ხარისხით, რა ხარისხითაც მე ჩემი იუსტიციის მინისტრის მანდატი მომცემს საშუალებას, რადგან მე ვალდებული ვარ, ვიყო ყველას იუსტიციის მინისტრი და არა რომელიმე პარტიის", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
"თავისუფალი დემოკრატების" ყრილობა 8 დეკემბერს არის დაგეგმილი. ყრილობაზე ირაკლი ალასანიას პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნების საკითხს განიხილავენ.