უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის ვადები მცირდება.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წევრების, გიორგი ვოლსკის, ეკა ბესელიას, გიგი თოფაძის, ვახტანგ ხმალაძის, ანი მიროტაძის, გიგა ბუკიას და შალვა შავგულიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა, ცვლილებები "სისხლის სამართლის კოდექსში" და "პატიმრობის კოდექსში" შედის.
სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების თანახმად, უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირის სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საკითხის განხილვის ვადა, სასჯელის ფაქტობრივი მოხდის 25-დან 20 წლამდე მცირდება, ხოლო სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის საკითხის განხილვის ვადა - 20-დან 15 წლამდე.
შესაბამისი ცვლილებები შედის პატიმრობის კოდექსში, რომლის მიხედვით, მსჯავრდებული უვადო თავისუფლების აღკვეთის მოხდისგან შეიძლება გათავისუფლდეს, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის 20 წელი.
როგორც ინიციატორები განმარტავენ, აღნიშნული ცვლილებებით საქართველოს კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოდის.