ჯერ უცნობია თენგიზ ერისთავის საქმეზე შეუჩერდათ თუ არა პოლიციელებს უფლებამოსილება

ჯერ უცნობია თენგიზ ერისთავის საქმეზე შეუჩერდათ თუ არა პოლიციელებს უფლებამოსილება

ჯერ უცნობია, შეუჩერდათ თუ არა უფლებამოსილება პოლიციელებს, რომელთა მიმართაც თენგიზ ერისთავის დაკავებასთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს. თენგიზ ერისთავის ადვოკატების საჩივრის საფუძველზე, პროკურატურაში პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნული პოლიციელების ვინაობა არ დააკონკრეტეს.

შსს-ს პრესსამსახურის განცხადებით, პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას და მან უნდა უპასუხოს შეკითხვას, შეუჩერდა თუ არა იმ პოლიციელებს უფლებამოსილება, რომელთა მიმართაც გამოძიება მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი" პროკურატურის პრესსამსახურსაც დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ საკითხს გაარკვევენ.

მთავარმა პროკურატურამ დღეს, თენგიზ ერისთავის პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ განცხადება გაავრცელა.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ თენგიზ ერისთავს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 10 000 ლარის ოდენობით გირაოთი შეუცვალა. აღნიშნულის შესახებ შუამდგომლობა სასამართლოში დაცვის მხარემ დააყენა, რასაც პროკურატურაც დაეთანხმა.

ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ საგამოძიებო პროცესი დასკვნით ეტაპზეა, დაკითხულია მოწმეები, ჩატარებულია სასამართლო ქიმიური ექსპერტიზა და ბრალდებული ამ ეტაპზე ვეღარ იქონიებს გავლენას და ვერ შეუშლის ხელს გამოძიების ობიექტურად წარმართვას. ასევე გათვალისწინებული იქნა, რომ ბრალდებულს ჰყავს მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი.

თენგიზ ერისთავი სამართალდამცავებმა 2014 წლის 16 სექტემბერს დააკავეს. პირადი ჩხრეკისას მას შვიდი მთლიანი აბი და 24 აბის ნატეხი ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა. იგი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით იქნა მიცემული და მიმდინარე წლის 18 სექტემბერს აღკვეთი ღონისძიების სახით შეერჩა დაპატიმრება.

ასევე გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ პროკურატურაში თენგიზ ერისთავის ადვოკატების საჩივრის საფუძველზე დაიწყო გამოძიება პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით", - აღნიშნულია განცხადებაში.