"რუსეთს უნდა ვაჩვენოთ, რომ სამეზობლო პოლიტიკა არ უნდა იყოს აღქმული, თითქოს, ის საფრთხეს უქმნის მას“

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრობის კანდიდატის განცხადებით, მისი „პირველი პრიორიტეტი“ იქნება მაქსიმალური ძალისხმევის მიმართვა უკრაინაში არსებული კრიზისის მოგვარებისკენ.

იოჰანეს ჰანის თქმით, „მიზანი ისეთი გამოსავლის პოვნა უნდა იყოს, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და თავისუფალ არჩევანს სცემს პატივს“.

„ვფიქრობ, უნდა ვაჩვენოთ ჩვენს რუს კოლეგებს, რომ სამეზობლო პოლიტიკა არ უნდა იქნას ისე აღქმული, თითქოს, ის საფრთხეს უქმნის რუსეთს. ვფიქრობ, ის უნდა დავინახოთ, როგორც ურთიერთსასასარგებლო ყველასთვის. თუ ჩვენ შევძლებთ ურთიერთობის გამოსწორებას და ეს უნდა იყოს ურთიერთობა, რომელიც ეფუძნება ნდობას და არა უარყოფით შთაბეჭდილებას და უარყოფით ემოციას; ვფიქრობ, რაღაც წვლილს მეც შევიტან ამაში“,-განაცხადა ევროკომისრობის კანდიდატმა.

ჰანი ევროკომისიის მომავალი პრეზიდენტის ჟან კლოდ იუნკერის განცხადებასაც გამოეხმაურა და იუნკერის მსგავსად განაცხადა, რომ „მომდევნო ხუთ წელიწადში ევროკავშირის გაფართოება არ მოხდება“.

„რეალურად, არც ერთი პარტნიორი არ იქნება მთლიანად მზად იმ პერიოდისთვის, მაგრამ ეს არ გულისხმობს ჩვენი საქმიანობის შეჩერებას, პირიქით - ჩემი როლი გულისხმობს იმ ქვეყნების მომზადებაში დახმარებას, რომელთაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ და იმის უზრუნველყოფას, რომ ყველა კრიტერიუმი დაკმაყოფილდება“,-განაცხადა ჰანიმ.