გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრობის კანდიდატის იოჰანეს ჰანის შეფასებით, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მკაფიო მისწრაფებები აქვს, მაგრამ კიდევ ბევრი რამ რჩება გასაკეთებელი.
იოჰანეს ჰანმა „შიდა დაძაბულობის მოხნის“ აუცილებლობაზეც ისაუბრა.
ავსტრიელი იოჰანეს ჰანი, რომელიც ევროკომისიაში რეგიონალური პოლიტიკის საკითხებს კურირებდა, დამტკიცების შემთხვევაში, ახალ თანამდებობაზე შტეფან ფულეს შეცვლის.
ევროპარლამენტში გამართული მოსმენის დროს მას საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივაზე დაუსვეს შეკითხვა. ჰანმა განაცხადა, რომ რომ ევროკავშირი აუცილებლად უნდა დაეხმაროს საქართველოს გაერთიანებასთან დაახლოებაში.
როგორც მან აღნიშნა, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა.
კითხვაზე, როგორ აპირებს იმის უზრუნველყოფას, რომ ასოცირების შეთანხმება გარეშე ჩარევის გარეშე განხორციელდეს, ჰანმა განაცხადა, რომ „მომავალს ვერ იწინასწარმეტყველებს“.
„მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, როგორც ყოველთვის, ამ შეთანხმებების შესასრულებლად“,-აღნიშნა ჰანმა.
მისი თქმით, ის მხარს დაუჭერს ევროკავშირის მომავალ უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინის „ევროკავშირის როლის გაძლიერებაში და აღმოსავლეთ სამეზობლოში გაყინული კონფლიქტების მოგვარების ხელშეწყობაში“.
„მზად ვარ უზრუნველყო, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა მიიღებენ ყველა იმ მხარდაჭერას, რომელიც მათ სჭირდებათ საკუთარი დემოკრატიული არჩევანის გასაკეთებლად და საჭირო პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გასატარებლად“,- განაცხადა ჰანმა.