"იმედი მაქვს, სამთავრობო კოალიციაში ვინმეს ეყოფა პასუხისმგებლობა, მკაცრი შენიშვნები გაითვალისწინოს“

საპარლამენტო უმცირესობის წევრი პავლე კუბლაშვილი საქართველოსთან დაკავშირებით ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება

"ყველა ის საკითხი, რომელიც ასახულია ამ რეზოლუციაში, აქამდე ისმოდა საპარლამენტო ტრიბუნიდან როგორც საპარლამენტო ოპოზიციის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. სამწუხაროდ, ეს დასრულდა იმით, რომ ევროპის საბჭოში იყო უკვე ამ პრობლემებზე მსჯელობა. მე იმედი მაქვს, რომ ახლა მაინც სამთავრობო კოალიციაში ვინმეს  ეყოფა პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ გაითვალისწინონ ის რეკომენდაციები და ძალიან მკაცრი შენიშვნები, რომელიც გამოთქმულია“, - განაცხადა კუბლაშვილმა

თავის მხრივ, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას ევროსაბჭოს ასამბლეის მხრიდან საქართველოს მთავრობის მიმართ ბოლო გაფრთხილება უწოდა.

„ჭირმა თავი მალა, მალა და ვერ დამალაო - ასე დაემართათ, როგორც მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების ნაწილში, ასევე არაუფლებამოსილი პირის მიერ მთავრობის კონტროლის ნაწილში. რა თქმა უნდა, მომავალშიც ასე იქნება. ეს იყო ერთგვარი ბოლო გაფრთხილება ასამბლეის მხრიდან საქართველოს მთავრობის მიმართ, რომ სამართალდამცველი სისტემა და მართლმსაჯულება არ გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია კენჭისყრის შედეგით 103 - მომხრე, 27 - წინააღმდეგი დაამტკიცა. დოკუმენტში დარჩა ჩანაწერი, რომელიც ყოფელ მაღალჩინოსნებს, მათ შორის, ბაჩო ახალაიას პატიმრობის ვადას და მისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლას, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღებას ეხება. დოკუმენტში არ ჩაიწერა პუნქტი, რომელიც ქვეყანაში ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას ეხება.