სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ჰოლანდიის იუსტიციის სამინისტროს ტრანსპორტისა და მხარდაჭერის ცენტრის ბაზაზე იმყოფებოდა.
ორგანიზაციის დირექტორის მიწვევით, მინისტრი სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების ფუნქციონირებას გაეცნო, რომლითაც განსაკუთრებული მნიშვნელობის პირების, საზოგადოებისთვის საშიში პატიმრების, დეპორტირებული ოჯახების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და სხვადასხვა ჯგუფების ტრანსპორტირება ხორციელდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნებს შორის.
მინისტრმა დაათვალიერა მობილური ციხე და მობილური პოლიციის ოფისი, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვისთვის განკუთვნილი მანქანები და აღჭურვილობა.
ცენტრის დირექტორმა ერიკ დე ბორსტმა ვიზიტის დასასრულს საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემას სპეც. დანიშნულების სატრანსპორტო ავტობუსები, ასევე უსაფრთხოების და კრიზისული სიტუაციების მართვის მოწყობილობები გადასცა, რომლითაც რამდენიმე პატიმრის ერთდროული და უსაფრთხო გადაყვანა არის შესაძლებელი.