ღარიბაშვილისა და ივანიშვილის პოლიტიკამ ევროპაში სრული ფიასკო განიცადა

ღარიბაშვილისა და ივანიშვილის პოლიტიკამ ევროპაში სრული ფიასკო განიცადა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღებას პარლამენტში, უმცირესობის წევრი გოკა გაბაშვილი ეხმიანება.

დეპუტატის თქმით, ღარიბაშვილისა და ივანიშვილის პოლიტიკამ ევროპაში სრული ფიასკო განიცადა. რეზოლუციაში კი იმ მნიშვნელოვან პუნქტებზეა ყურადღება გამახვილებული, რომელიც აუცილებელია საქართველოში დემოკრატიული განვითარებისათვის.

"პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პროგნოზი იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მოიქცეოდა ევროპის საბჭო, არ გამართლდა. საბჭომ მიიღო რეზოლუცია, მიუხედავად იმისა, რომ სამთავრობო დელეგაცია ცდილობდა ამ რეზოლუციის უკან გაწვევას. ის მიღებულია ყველა იმ შენიშვნით, რომელიც ეხება პროლიტიკურ დევნას. კერძოდ, გამოთქმულია შეშფოთება წინასწარი დაკავების ინსტიტუტის პოლიტიკური მოტივით გამოყენების გამო. აღნიშნულია, რომ უკვე ციხეშია ოპოზიციის თითქმის ყველა ლიდერი. გამოთქმულია შეშფოთება ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და მათი ოჯახების ქონების დაყადაღების გამო, ასევე გამოთქმულია მოწოდებები მთავრობის მიმართ, რათა უსწრაფესად მოხდეს მოწმეთა სასამართლოში დაკითხვის ნორმების და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის სრულფასოვანი ამოქმედება. გარდა ამისა, ყოფილ თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიაზე არის მოწოდება, რომ მისი უსაშველოდ გაგრძელებული წინასწარი პატიმრობა განაჩენის გარეშე შეცვლილი იქნას არასაპატიმრო ღონისძებით. ერთი სიტყვით, ყველა ის ცვლილება, რომელიც მნიშვნელოვანი იყო საქართველოში დემოკრატიული განვითარებისთვის, გავიდა და ჩვენი სამთავრობო დელეგაციის მიერ დაყენებული არც ერთი ცვლილება არ გავიდა. მათი მცდელობა, რეზოლუცია დაბრუნებულიყო კომიტეტში, არ იქნა გათვალისწინებული. ეს არის ევროპაში ღარიბაშვილის და ივანიშვილის სრული ფიასკო", - აღნიშნა გოკა გაბაშვილმა.